Schalke 04 USA🇺🇸 on Twitter: "Happy Birthday, Levan #Kobiashvili! 🥳🎉🎂 The former Royal Blue turns 4️⃣2️⃣ today! #SchalkeUS🇺🇸… "ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, ვისი პროფესიონალიზმიც სხვებს მაგალითად შეგიძლია დაუსახო. მე რომ მკითხო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ეპოქაში სულ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლება – კალაძეს, ცხადაძეს, ქეცბაიას, არველაძეებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ეს წერილი სხვებზეა.

ეს იმ ბიჭზეა, პირველი ინტერვიუ 25 წლის წინ რომ ჩამოვართვი, „ალანიაში“ ელოდნენ და „ბარსელონაზე“ ოცნებობდა. „ბარსაში“ ვერა, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში კი დატოვა სერიოზული კვალი. ეს ის ქართველი ბიჭია, „შალკეს“ გერმანელმა მწვრთნელმა მოედანზე ქაღალდის ნაგლეჯზე დახაზული სქემა რომ გადაუგდო და მან გერმანული გუნდი ერთ წუთში გადააწყო.

ეს ის ბიჭია, ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი რომ შეასრულა, ირლანდიას რომ შეუსრულა, ხორვატიას რომ შეუსრულა…

რა თქმა უნდა, ლევან კობიაშვილზე ვამბობ. ამ კაცის და უკვე აღარანაირად ბიჭის საფეხბურთო კარიერაზე წიგნი დაიწერება, მაგრამ მხოლოდ საფეხბურთოზე.

მერე კობიაშვილმა ერთბაშად აიშვა, ორი კურდღლის მოკვლა თუ ორ ნავში ერთად ჯდომა მოინდომა.

ერთდროულად 200-ათასიან გლდანზე და ამაზე არანაკლებ საფეხბურთო თემზე ზრუნვა არ გამოვა – ფიზიკურად შეუძლებელია. რომელიღაცას აშკარად აკლიხარ. ჩვენს შემთხვევაში უფრო ფეხბურთის ფედერაციას, სადაც ტვირთი თავად აიკიდე და მართვის სადავეები სამეგობროს გადაულოცე. პიროვნულად აუგი რომელზე უნდა დაგვცდეს, მაგრამ საფეხბურთო ჩინოვნიკებად ვერ ივარგეს…

ვერ ივარგეს თუნდაც იმიტომ, რომ ყველამ ერთად სუფთა ფურცლიდან დაიწყო ახალი ცხოვრება. ვაისიც ამ გამოუცდელობის ბრალი იყო და რაც უნდა მოგება-ფრე-წაგების სტატისტიკა ვატრიალოთ, ფაქტია, კაცმა გუნდი ვერ გააკეთა… თან, პერსპექტივაც არ ჩანს…

შანსი, რომელიც გვქონდა, გაშვებულია. პასუხიც საგებია. არადა, ამის გაკეთება ძალიან ლამაზად შეიძლება: გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობიაშვილი იტყვის, რომ დრო არ ჰყოფნის და ფეხბურთის ფედერაციიდან წავა…

რითიც დავიწყე, იმით დავამთავრებ: ეს ნაბიჯი ლევან კობიაშვილისთვის პატივისცემის კიდევ ერთ სერიოზულ საბაბად იქცევა.