„ელ მადრიგალზე”, რომელსაც 1997 წლიდან ოფიციალურად „ესტადიო დე ლა კერამიკა” ჰქვია, რადგან ესპანეთის იმ რეგიონში, სადაც ვილიარეალი მდებარეობს კერამიკის წარმოებაა განვითარებული, ხერარდ მორენომ მეორე ტაიმში პენალტი შეაგდო და „რეალს” ანგარიში გაუთანაბრა. შეხვედრა ასეც დასრულდა — 1:1.
მადრიდელებმა, რომლებიც კვლავ არ ჰგავდნენ გუნდს, რომელიც ახლო წარსულში ქვეყანას აზანზარებდა, მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში. გოლი ლამაზი იყო, დინამიკური კომბინაციის შედეგი. მარიანო დიასმა გაწოლილი თავურით შეაგდო, მაგრამ 76-ე წუთზე ტიბო კურტუამ საჯარიმოში სამუელ ჩუკუეზე წააქცია და შედეგიც შესაბამისი მიიღო.
„რეალს” ახლა ლა ლიგაში ორი თამაშია არ მოუგია. წინაზე „თეთრებმა” „ვალენსიასთან” 1:4 წააგეს. „ვილიარეალმა” კი 10 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო და 19 ქულით მესამე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანს შაბათს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. სხვადასხვა მიზეზის გამო არ იყვნენ ქარიმ ბენზემა, კაზემირო და სერხიო რამოსი, თუმცა მოედანს დაუბრუნდნენ დანი კარვახალი და ედენ აზარი, რომელმაც ყურადღება ძირითადად იმით მიიპყრო, რომ წონა დაუგდია.
მარიანო, რომელმაც ზემოთ ნახსენები გოლი გაიტანა, 2019 წლის მაისის შემდეგ პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში.
ბოლო 10 წუთში თამაში გაიხსნა და მასპინძლებს მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ კურტუამ ტაკეფუსა კუბოს დარტყმისგან იხსნა კარი. კუბო მადრიდელთა საკუთრებაა, მაგრამ ჯერ „მალიორკაში” იყო იჯარით, ახლა კი „ვილიარეალშია”.