საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ნოემბერში ორი თამაში აქვს გასამართი. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენები 28-ში ფინეთს და 30-ში შვეიცარიას ეთამაშებიან. ორივე მატჩი ფინეთში შედგება.
მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში გამოძახებული 13 კალათბურთელი ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ.
შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია. ტრავმების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, ხოლო კორონავირუსის რეგულაციების გამო – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.
შედეგად, ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა და რამდენიმე დებიუტანტიც არის: გივი ბაქრაძე, ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი.
ზუროსის სრული სიას ასეთია: ლუკა ზაქრაძე, გივი ბაქრაძე, თად მაკფადენი, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური, თორნიკე შენგელია, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე.