ადრე…

ის, რასაც ახლა ანგრევენ, „უემბლის” ნაწილი იყო. ახლანდელი თაღი ხომ თვალწინ გიდგათ? მანამდე, ლეგენდარული სტადიონის საქვეყნოდ ცნობილ სიმბოლოდ ტყუპი კოშკი ითვლებოდა, თუმცა არანაკლებ რიტუალური გახლდათ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ფანების სვლა მეტროს სადგურიდან სტადიონამდე.

მომავალში…

ეს გზა 1974 წელს იმიტომ ააშენეს, რომ გულშემატკივარს მიტოვებული ავტოპარკის გადაკვეთა არ დასჭირვებოდა. ახლა, ტყუპი კოშკისა არ იყოს, ეს გზაც უკვე ისტორიაა. ის აღარ არსებობს. მის ადგილას სტადიონთან ახალ მისადგომს აშენებენ.

მაგრამ, ბეტონს მოყოლა რომ შეეძლოს, ვინ იცის რა საოცარ ამბებს მოუყვებოდა მთელ საფეხბურთო სამყაროს.

მილიონობით გულშემატკივარს გაუვლია ეს ლეგენდარული სავალი. ზოგი მოჭარბებული ადრენალინით იყო მთვრალი, ზოგი — ვისკით.

პირველ შეხვედრას „უემბლიმ” 1923 წელს უმასპინძლა. ეს იყო ფეხბურთის ასოციააციის თასის ფინალი, რომელშიც „ბოლტონმა” „ვესტ ჰემს” 2:0 მოუგო. მატჩი ისტორიას „თეთრი ცხენის ფინალის” სახელწოდებით შემორჩა. გამარჯვებული გუნდი მეფე ჯორჯ V-მ დააჯილდოვა.

1966 წელს აქვე მოიპოვა ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

„უემბლიზე” ჩემპიონთა თასი აღმართეს „ლივერპულმა”, ორჯერ „ბარსელონამ” და „ბაიერნმა”.

1996 წელს, აქ გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.

და კიდევ ვინ მოთვლის რა არ გადახდენია ამ სტადიონსა და მისკენ მეტროდან მიმავალ გზას.

ოღონდ, ამიერიდან ისტორია სხვანაირად დაიწერება.

ერთადერთი, ვინმეს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს: კი მაგრამ, რატომ? ყოფილიყო ისეთი, როგორიც თაობებს ახსოვდათ…