დღეს საღამოს „ტოტენჰემი” „მანჩესტერ სიტის” მასპინძლობს, ეს კი ნიშნავს, რომ ერთმანეთს ძველი კონკურენტები, ჟოზე მოურინიუ და პეპ გვარდიოლა დაუპირისპირდებიან.

ტრადიციულად პროვოცირებას მოურინიუ ახდენს ხოლმე. ასე იყო ამჯერადაც, როდესაც პორტუგალიელმა თქვა, რომ კატალონიელმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს ხრიკი მოუწყო, რისი წყალობითაც რაჰიმ სტერლინგი შეკრებიდან დაატოვებინა. ინგლისის ნაკრებმა 12-18 ნოემბერს სამი შეხვედრა ჩაატარა, ირლანდიასთან ამხანაგური (3:0), ბელგიასთან (0:2) და ისლანდიასთან (4:0) კი ერთა ლიგის ფორმატით.

გვარდიოლას ხრიკი კი იმაში მდგომარეობს, რომ „სიტიმ” განაცხადა, სტერლინგს კანჭის ტრავმა აქვს და სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებსო, მაგრამ როგორც კი „ტოტენჰემთან” თამაში მოახლოვდა, დასვენებული თავდამსხმელი ვარჯიშს დაუბრუნდა.

გვარდიოლა: „არ ვიცი, შეიძლება მოურინიუ ექიმია. აგერ, ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” მედიკოსების ნაცვლად დაიწყო ლაპარაკი”.

„ქალაქელების” თავკაცს მოურინიუს ძველი ნათქვამიც გაახსენეს, „სიტის” ფეხბურთელები მოედანზე მეტისმეტად იოლად ეცემიანო. „ბარსელონას” და „ბაიერნის” ყოფილმა მწვრთნელმა უპასუხა:

„მისმინეთ, ჟოზეს შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. მე ვლაპარაკობ ექიმზე, რომელმაც ტყუილში დაგვდო ბრალი. საერთოდ, ასეთ თემებზე მედიკოსებს უნდა ელაპარაკოთ. მე მალე 50 წლის გავხდები და ასეთ რაღაცებს ვეღარ ვხვდები”.

მოურინიუს კი ეჭვი კი ალბათ იმან გაუჩინა, რომ სტერლინგთან დაკავშირებით იგივე მოხდა ოქტომბრის სანაკრებო თამაშების დროსაც. ფეხბურთელმა, ეროვნულ გუნდში, ორთავა კუნთის ტრავმის მომიზეზებით არ ითამაშა, მაგრამ განახლდა თუ არა პრემიერლიგა, მოედანზე გავიდა და „არსენალს” გოლი გაუტანა.

„სფურზის” თავკაცი საუთგეიტს სთხოვს დაასახელოს ის მწვრთნელები, რომლებიც ინგლისის ნაკრებს მოთამაშეებს უმალავენ.

„ყველასთვის ცხადია, რომ სტერლინგი, რომელსაც ნაკრებისთვის ფეხი სტკიოდა, ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს. არადა, როდესაც ერთ-ერთ წინა ჯერზე, ერიკ დაიერი დაშავებული დაგვიბრუნდა, მან მოედანზე ორი თვე ვეღარ შედგა ფეხი. მოკლედ, არის დეტალები, რომლებიც გარეთმა უნდა აგვიხსნას. გავიგე, მას დაუჩივლია, რომ ზოგი მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს ნაკრებში თამაშისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. მე ვისურვებდი, საუთგეიტმა ეს მწვრთნელები დაასახელოს. მინდა მან ჩამოთვალოს იმ კლუბების თავკაცები, რომლებიც მას ურეკავენ. მას აქვს უფლება და ძალა საიმისოდ, რომ ნაკრებში ყველა ის მოთამაშე გამოიძახოს, რომელთა გამოძახებაც მიზანშეწონილად მიაჩნია.” — თქვა ჟოზე მოურინიუმ.

ფაქტია, სანამ რაჰიმ სტერლინგი რეალურ თუ გამოგონებულ ტრავმას მკურნალობდა, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ნაკრების ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ყველას ერთნაირად მოეპყრონ”, — თქვა მოურინიუმ.