რომ თქვა, რომ ქართველებს უელსელებთან ჯახში რამენაირი შანსი აქვთ, მცოდნე ხალხს სასაცილოდაც არ ეყოფა. ასეთია სარაგბო რეალობა – სუსტი ძლიერს ათასში ერთხელ ამარცხებს. ასეთია სპორტის ამ სახეობის სპეციფიკა – შედეგი ყველამ წინასწარ იცის და ინტრიგად ისღა რჩება, თუ რა ხარისხის წინააღმდეგობას გაუწევს სუსტი ძლიერს, რამდენ ქულას გააკეთებინებს ძლიერი სუსტს და როგორი სხვაობა დაფიქსირდება ტაბლოზე 80 წუთის შემდეგ.
„შემოდგომის ერთა თასზე“ თავისი პირველი მატჩი ბორჯღალოსნებმა „ექვსი ერის“ მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან – ინგლისის ნაკრებთან ჰქონდა. ცხადია, ქართველები მარცხისთვის განწირულები იყვნენ და საინტერესო მხოლოდ ის იყო, რაც ზემოთ ითქვა. საბოლოო ქულათა სხვაობა დაახლოებით ისეთი „დაჯდა“ როგორსაც სპეციალისტები ვარაუდობდნენ – 0:40. წინააღმდეგობა კი საქართველომ იმდენად გაუწია, რამდენის ნებაც ინგლისმა დართო.
ეს „წინააღმდეგობა“ ბურთის უფრო ხშირ ფლობაში გამოიხატა, თუმცა ამას მატერიალური შედეგი არ მოჰყოლია. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თუ არა, ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, რომელსაც ყველაზე მაგარი თუ არა, ერთ-ერთი უმაგრესი სარაგბო სპეციალისტი თავკაცობს, თანაც მსოფლიოს მთავარზე თუ არა, ერთ-ერთ უმთავრეს სარაგბო სტადიონზე ქართველებმა ქულა ვერ აიღეს. ქულის აღებას შეტევა სჭირდება და რამდენჯერაც შევუტიეთ, იმდენჯერ უხეირო გაგრძელება მოვუძებნეთ და ასე ამისთანა გიგანტს ვერაფერს დააკლებ…
ასეა თუ ისე, მოცემული ეტაპისთვის ბორჯღალოსნების ნაჩვენები რაგბის ხარისხი დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა. ალბათ ასეცაა. შეუძლებელია უამრავი ახალი მორაგბით ეგრევე შენს თამაშს მიაგნო, თუმცა ეპიზოდებში რაღაც მაგდაგვარი კი გაიელვებდა ხოლმე. ის ნაღდი ქართული, რის გამოც ასე გვიყვარს ჩვენი ეროვნული გუნდი. აგრესია, ბოლომდე და თავდადებით ბრძოლა – ეს თითქოს ბრუნდება და იმედია, თანდათან, რაც დრო გავა და გამოცდილება მოგვემატება, მით მაღალი დონის რაგბს ვითამაშებთ.
ახლა კი თავში მოყვანილ აქსიომას მივუბრუნდეთ: სუსტი ძლიერს ვერ ამარცხებს! ჰოდა, ჩემს პირად აზრს გამოვთქვამ: უელსი არის ჩვენი შანსი. რა თქმა უნდა, ესაა მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი გრანდი, თუმცა ცუდ დღეში ჩავარდნილი გუნდი. „წითელი დრაკონები“ 2017-ის ნოემბერშიც გვახსოვს, როცა ბოლო წუთებზე 13:6 გვიგებდნენ, მაგრამ ჩვენს დაწოლას ვეღარ უძლებდნენ და თავიანთ ლელოს მიჯაჭვულები თითქოს შეგუებულნიც იყვნენ ფრეს მეორე დონის გუნდთან…
მოკლედ, როცა თამაშმა კულმინაციას უწია და უელსელთა 5-მეტრა წყვეტილთან შერკინება დაინიშნა, მასპინძელთა (თამაში კარდიფის დიდებულ „მილენიუმზე“ მიმდინარეობდა) კივი დამრიგებელმა უორენ გეტლანდმა საოცარი მაიმუნობა ჩაიდინა – ყველა თავისი ბურჯი ტრავმირებულად გამოაცხადა ერთის გარდა, არადა როცა მოედანზე მყოფმა თამაში ვერ გააგრძელა, ტრიბუნიდან მისშესაცვლელად მანამდე შეცვლილი თანაამპლუელი გაემართა და სწორედ აქ იცუღლუტა გეტლანდმა – მორაგბეს ადგილზე დაბრუნება უბრძანა…
ასეთ შემთხვევაში ცრუ შერკინება ინიშნება ხოლმე და ასეც მოხდა. უკონტაქტო შერკინებამ ქართველი ბურჯების „კისრებზე გადაღუნულ“ უელსელებს სულზე მიუსწრო და მათ მშვიდობიანად დაასრულეს თითქოსდა ჩაფლავებული მატჩი.
თამაშის შემდეგ დიდად არც გაუხარიათ, იმდენად დაჩაგრულად გრძნობდნენ თავს. გეტლანდი კი უელსური, ბრიტანული და სრულიად სარაგბო მედია უმწვავესი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა სარაგბო რაინდული სულისკვეთების ფეხქვეშ გათელვისთვის, თუმცა ჩვენ ამით რა ხეირი?!.
შარშან გეტლანდმა და მისმა შეგირდებმა იმ გაკვეთილიდან დასკვნები გამოიტანეს და იაპონიის მსოფლიო თასზე იოლად დაგვამარცხეს – 43:14.
და რატომ გვაქვს შანსი? იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი, თუნდაც ახალი შემადგენლობით, აშკარა პროგრესს განიცდის – ინგლისთან ისევე რომ გვეთამაშა, როგორც ორი კვირით ადრე შოტლანდიასთან, ანგარიში 0:40 კი არა, 0:80 იქნებოდა. თან გუნდი უკვე მეტ-ნაკლებად შეთამაშდა, ყველაზე პრობლემურ რგოლში – შერკინების მეორე ხაზში – მრავალნაცადი კოტე მიქაუტაძე დაბრუნდა და იმედი გაჩნდა, რომ აქილევსის ქუსლად ქცეულ მოლებსა და დერეფნებში მისი ცოდნა და კლასი სიტუაციას ერთი-ორად გაგვიუმჯობესებს. ფლანგზე სანდრო თოდუა გვიბრუნდება, 9 ნომერზე – ვასილ ლობჟანიძე…
და რა ხდება „წითელი დრაკონების“ ბანაკში? პირველ ტურში ირლანდიაში 9:32 წაგების შემდეგ, ნაკრების ახალმა თავკაცმა უეინ პივაკმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 13 (!) კაცი გამოცვალა და დატოვა მხოლოდ გარემარბი ლიამ უილიამსი და ფლანგერი ჯასტინ ტიპურიკი. კი ბატონო, უელსს მორაგბეთა რესურსი ჩვენსაზე ბევრად მდიდარი აქვთ, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ რესურსითაც გუნდი უკიდურესად წარუმატებლად თამაშობს – ერთი კვირის წინანდელის ჩათვლით, ბოლო 6 მატჩი წააგო. და საერთოდ, პივაკის ხელში გუნდმა ჯერჯერობით ერთადერთი თამაში მოიგო და ისიც – თებერვალში. ფაქტია, რომ „დრაკონებს“ მძიმე დრო უდგათ. ასეთი წარუმატებელი სერია განწყობას ნებისმიერ გუნდს წაუხდენს, რა დონისაც გინდა იყოს ის. და სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენს შანსად. მართალია, ლევან მაისაშვილი და მისი შტაბი სიტუაციას სათანადოდ აფასებენ და ბორჯღალოსნებს მსოფლიო გრანდთან ჯახში წინააღმდეგობის გასაწევად და ბრძოლისთვის ამზადებენ, თუმცა, მნიშვნელოვანია ქართველებმა ირწმუნონ, რომ კარგი გუნდი ჰყავთ და მთავარი ისაა, რასაც ბორჯღალოსნები იზამენ სათამაშო მოედანზე და არა მათი მეტოქეები. ამიტომ – ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი! წარმატებები!
21 ნოემბერი. 21:15. ჰლანეჰლი (უელსი). „პარკ ი სკარლეტსი“
„შემოდგომის ერთა თასი“. II ტური
უელსი – საქართველო
საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი
- მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 63 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (უკლუბო, 60, 15), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 15, 5), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი („ლელო-სარასენსი“, 3, 5), 5. კოტე მიქაუტაძე („ბაიონი“, 64, 10), 6. ოთარ გიორგაძე („ბრივი“, 27, 25), 7. ბექა საღინაძე („ორიაკი“, 14, 5), 8. ბექა გორგაძე („ბორდო“, 29, 40), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 53, 40), 10. თედო აბჟანდაძე („ბრივი“, 17, 104), 11. სანდრო თოდუა („ბათუმი“, 87, 65), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ., უკლუბო, 68, 62), 13. გიორგი კვესელაძე („არმაზი“, 26, 20), 14. აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარასენსი“, 4, 30), 15. ლაშა ხმალაძე („ბათუმი“, 84, 53).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე („ლოკომოტივ-პენზა“, 11, 5), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 16, 5), 18. ლექსო ყაულაშვილი („ბორდო“, 2, 0), 19. ლაშა ჯაიანი („არმაზი“, 3, 0), 20. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, 59, 60), 21. გელა აფრასიძე („მონპელიე“, 27, 24), 22. დემურ თაფლაძე („ლელო-სარასენსი“, 3, 5), 23. თამაზ მჭედლიძე („რუანი“, 58, 35).