ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის მშვენიერი გამოდგა. ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81) გავიდნენ და სამივემ მედალი მოიპოვა – ყველამ სხვა და სხვა სინჯის.

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველთა გზა ნაადრევად რომ გადაიკვეთებოდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი. ორივე მათგანი პირველ წრეში ისვენებდა, სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, გრიგალაშვილმა იტალიელი კრისტიან პარლატი და ბერძენი თეოდოროს დემუტრიდისი დაამარცხა, ხოლო მაისურაძემ – მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუსი და უკრაინელი არტემ ბუბირი. ქართველი ძიუდოსტები ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაეყარნენ, სადაც გამარჯვება გრიგალაშვილს დარჩა და ნახევარფინალში გავიდა. ტატომ ნახევარფინალურ სტადიაზე ბელგიელ მატიას კასეს სძლია და ფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს გაეჯიბრა და 45 წამში ორჯერ დასცა.

გრიგალაშვილთან წაგების შემდეგ მაისურაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა და ჯერ აზერბაიჯანელ მურად ფატიევს მოუგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ტატამზე ნიდერლანდელი ფრნა დე ვიტი დააგდო.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა და საქმეში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო. ჩვენებურმა ჯერ გერმანელი ანტონი ზინგი დაამარცხა, შემდეგ პოტუგალიელი ჟოაო ფერნანდო, მეოთხედფინალში კი, აზერბაიჯანელი რუსტემ ორუჯოვი, ხოლო ფინალის საზგურისთვის იტალიელი ფაბიო ბაზილე.

ფინალში ქართველი ძიუდოისტი მოლდოველ ვიქტო სტერპუს დაუპირისპირდა, მაგრამ იპონზე დაეცა და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ხვალ ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100) გავლენ.