ეს იყო გერმანიის ნაკრების კოშმარული თამაში. ბუნდესმანშაფტმა ხელიდან გაუშვა ერთა ლიგის A დონის მეოთხე ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, ცხელ გულზე ამას ალბათ არავინ ჩივის, რადგან იოაჰიმ ლიოვის გუნდმა სირცხვილი ჭამა — ესპანეთში 0:6 წააგო.

დავიწყოთ იმით, რომ ეს გახლდათ გერმანიის ნაკრების ყველაზე დიდი წაგება ბოლო 89 წლის განმავლობაში. გერმანია ექვსგოლიანი სხვაობით (ზუსტად ასეთივე ანგარიშით, 0:6) 1931 წლის 24 მაისს, ავსტრიასთან დამარცხდა.

გერმანიისთვის მატჩი თავიდანვე ცუდად დაიწყო, თუმცა პირველ ეპიზოდში სტუმართა გუნდს გაუმართლა — ერთა ლიგაში VAR არ არის და ამიტომ, როდესაც ილქაი გუინდოგანმა დანი ოლმო საჯარიმოში წააქცია, შემცდარმა მსაჯმა თავისი გადაწყვეტილება ვერსად გადაამოწმა — ხაზს გარეთ დანიშნა ჯარიმა.

ესპანელებმა ანგარიში კუთხურიდან გახსნეს. ეს მე-17 წუთზე მოხდა, როდესაც ფაბიან რუისის მიერ ჩაწოდებული ბურთი სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩენილ ალვარო მორატას მიუვიდა და მან თავით შეაგდო. ამ ეპიზოდში მორატას მეურვედ სერჟ გნაბრი უნდა დგომოდა, მაგრამ ის დროსა და სივრცეში დაიბნა. ცნობისთვის: გნაბრის სიმაღლე 176 სანტიმეტრია და გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა აეყვანა მას კუთხურის დროს ვინმე.

გერმანელები პირველ ტაიმში დაცვაში ყოველგვარი აგრესიის გარეშე თამაშობდნენ, ესპანელებს კი თუ წინააღმდეგობა არ გაუწიე, ცხადია წააგებ და თან ძალიან. ბუნებრივია, ტექნიკურმა მასპინძლებმა სტუმრების ასეთი დამოკიდებულებით ისარგებლეს — პირველი 45 წუთი 3:0 დასრულდა.

„ლა როხას” შესვენებამდე ორი ფეხბურთელი დაუშავდა. მე-9 წუთზე სერხიო კანალესი გახდა შესაცვლელი, 42-ე წუთზე კი არც მეტი, არც ნაკლები თვით სერხიო რამოსი, რომელმაც ბარძაყის კუნთი იტკინა.

საერთოდ, პირველ ტაიმში ჩამორჩენილი გუნდების გულშემატკივარს შესვენების ეიმედება. გერმანელთა სამწუხაროდ კი მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა. ქაოსი გაგრძელდა და გარდა იმისა, რომ ესპანელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს, რამდენიმე საგოლე მომენტიც გაუშვეს ხელიდან.

„შპორტბილდი” თავის გუნდს დასცინის: 77-ე წუთზე საოცრება მოხდა, გნაბრიმ 20 მეტრიდან კარში დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდაო.

მანუელ ნოიერისთვის ეს გახლდათ 96-ე სანაკრებო თამაში ანუ მან გერმანელ მეკარეთა რეკორდი დაამყარა. აქამდე ბუნდესმანშაფტში ყველაზე მეტი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ზეპ მაიერს ჰქონდა ნათამაშევი.

ასეთი მწარე მარცხის მიუხედავად, გერმანიის საფეხბურთო კავშირის დირექტორმა, წარსულში ცნობილმა თავდამსხმელმა ოლივერ ბირჰოფმა მაინც იოაჰიმ ლიოვს დაუჭირა მხარი.

„იოგის სრულიად ვენდობი. ახლა ჩვენი ამოცანაა დადებითი განწყობა შევიქმნათ. ის გზა, რომელიც ნაკრების თავკაცმა აირჩია გაგრძელდება და ჩვენ ევროპის ჩემპიონატზეც ამ პრინციპებით ვითამაშებთ,” — უთხრა ბირჰოფმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგს”.