„ბარსელონას” 17 წლის ნახევარმცველი პედრი კატალონიურ რადიო Cadena SER-ს ელაპარაკა. მან თქვა:

„თუ თავმდაბლობას დაკარგავ და ის აღარ იქნები, ვინც ბუნებრივად ხარ, ფეხბურთელადაც ვეღარ ივარგებ. ყველაზე მეტ რჩევას მშობლები და ძმა მაძლევენ. ჩემი ძმა ყოველთვის პოულობს ჩემს მოქმედებეებში რაღაც შეცდომას და ეს ძალიან მომწონს, რადგან საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს ვუყენებ”.

კატალონიურ რადიოში, „ბარსელონას” ფეხბურთელთან ინტერვიუ ლეო მესის შესახებ კითხვა-პასუხის გარეშე როგორ ჩაივლიდა. პედრიმ თქვა:

„ისეთი მოძრაობები და გადაადგილებები, როგორსაც მესი აკეთებს, არსად მენახა. თუმცა, „ბარსელონაში” მარტო მესი კი არა, ყველა თანაგუნდელი მაკვირვებს. მე მათგან სწავლის შესაძლებლობა მომეცა, რაც ნამდვილი ფუფუნებაა. საოცარია, იმის ყურება, რასაც მესი მოედანზე აკეთებს. ის აკეთებს იმას, რაც უნდა და როდესაც უნდა. თქვენ მას ტელევიზიით და „ფლეისთეიშენზე” უყურებთ, არადა, ლეოს ცოცხლად ყურება გაცილებით შთამბეჭდავია. მის მხარდამახარ თამაში ცხოვრების საჩუქარია”.

ბოლოს კი პედრიმ ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ არ აიყვანა მადრიდის „რეალმა”.

„მადრიდში გასინჯვებზე ერთი კვირა გავატარე. შემდეგ მათ ოფისში დამიბარეს და მითხრეს, რომ საკმარისად კარგი მოთამაშე არ ვიყავი. იმწუთას კინაღამ ჩავიფსი, მაგრამ ამ უარმა მეტი მუშაობისკენ მიბიძგა. მადლობა „რეალს”, რომ დღეს იქ ვარ, სადაც მსიამოვნებს ყოფნა და სადაც ყოველთვის მინდოდა თამაში. ბავშვობიდან „ბარსას” გულშემატკივარი ვარ”.

პედრი კატალონიელი არ არის. ის კანარის კუნძულებზეა დაბადებული და მის პატარა ქალაქს ტეხუესტე ჰქვია. ეს 11 ათასიანი ქალაქი სანტა კრუს დე ტენერიფეს პროვინციაში მდებარეობს.