„ბაიერნის” პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით covid 19-ის პანდემია მსოფლიო ფეხბურთს შეცვლის, თუმცა ეს ხელის ერთი მოქნევით შეიძლება ვერ მოხდეს.

„ვფიქრობ, ბოლო თვეების განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ადრინდელზე მეტი სიმშვიდე იყო, — თქვა გამოცდილმა ხელმძღვანელმა, რომელიც ადრე „ადიდასის” შეფად მუშაობდა, — სხვა კლუბების წარმომადგენლებთან ლაპარაკის დროს შევამჩნიე, რომ ამიერიდან საქმეები ძველებურად ვეღარ წარიმართება”.

პანდემია უახლოეს წლებში ეკონომიკის განვითარებას შეანელებს.

„ამ ზაფხულს აბსურდულად ძვირი ტრანსფერები არ განხორციელებულა, რაც აგრეთვე ძალიან ლოგიკურია, რადგან ფეხბურთში ნაკლები ფული ტრიალებს, — განაგრძო ჰაინერმა, — თუმცა,  მე რეალისტი ვარ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა კლუბის ცხოვრება დღეიდანვე ეკონომიური გახდება. ალბათ, ჯერ კიდევ გამოჩნდებიან ცალკეული გულუხვად მხარჯველები”.

მაგრამ, მომჭირნეობა მომჭირნეობად და „ბაიერნი” ნებისმიერ პირობებში ამბიციურ კლუბად რჩება და უდიდესი ტიტულების მოხვეჭას გეგმავს.

ჰაინერი: „ბუნდესლიგის „სასალათეს” შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაში ხელმეორედ გამარჯვება ჩვენი ოცნებაა. გარდა ამისა, მინდა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს ჩვენი ქალების გუნდმაც და კალათბურთელებმა ევროლიგაში მიაღწიონ წარმატებას. „ბაიერნის” სამივე პროფესიული გუნდის ევროპის მწვერვალზე ნახვა ჩემი დიდი მიზანია”.