„ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო. ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ – ეს სიტყვები ლევან კობიაშვილმა გაზაფხულზე, ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების მიღებისას თქვა.

ამ კონტექსტში  „ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს,“ –  გუნდში ჯანსაღი სიტუაციის არსებობას ნიშნავს.

ახლა კი რას ამბობს მწვრთნელი სომხეთთან დამარცხების შემდეგ: „თუ პროგრესი გსურთ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში არ უნდა დარჩეს“.

ეს ფრაზა ცალკე გარჩევას და წერილსაც იმსახურებს, აქ კი ვთქვათ, რომ ვაისის ეს სიტყვები ცხადად მოწმობს, რომ გუნდში სწორედაც არაჯანსაღი მდგომარეობაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამას კობიაშვილიც ხედავს.

ფედერაციაში გარკვევით ითქვა, რომ ვაისს ესტონეთთან მატჩსაც ანდობენ და შემდეგ დაემშვიდობებიან.

ჩვენ კი ვიტყვით: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პროფესიონალიზმის აჩრდილი მაინც თუ დადის, ესტონეთთან ნაკრები ვლადიმირ ვაისს არ უნდა გააყვანონონ.

ცხადია, 2 დღეში ახალი მწვრთნელის მოყვანაზე არ ვლაპარაკობთ. მაგრამ არსებობს აპრობირებული მსოფლიო პრაქტიკა და არსებობს თანაშემწე, რომელსაც მთავარი მწვრთნელის არყოფნაში თავისუფლად შეუძლია გუნდის ერთ კონკრეტულ მატჩზე გაძღოლა.

რადგან:

როცა მწვრთნელი ფიქრებით უკვე სხვაგანაა;

როცა მწვრთნელს ფეხბურთელების აღარ სჯერა;

როცა ფეხბურთელბიც მას უნდობლობით პასუხობენ;

არანაირი არგუმენტი ესტონეთთან ვაისის სათადარიგოთა სკამზე ყოფნის, არ არსებობს.

განახლება:

ეს წერილი რამდენიმე საათის გამოქვეყნებული იყო, როდესაც ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ესტონეთთან ნაკრებს ვაისის ნაცვლად 19-წლამდელთა მწვრთნელი რამაზ სვანაძე გაიყვანს.