არანაირი სისწრაფე შეტევაში, არანაირი ფანტაზია ნახევარდაცვაში და არანაირი ყურადღება დაცვაში — ეს სიტყვები ინგლისურ პრესაში ამოვიკითხეთ. ასე დაახასიათეს ჟურნალისტებმა გარეთ საუთგეიტის გუნდის თამაში ბელგიაში. ეს გახლდათ ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ბელგიელებმა 2:0 მოიგეს და ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით ცხრილის სათავეში მოექცნენ. მათ შემდეგაა 10 ქულიანი დანია, რომელმაც ისლანდიას 2:1 აჯობა. ინგლისის გუნდი 7 ქულით მესამეზე დამკვიდრდა. ის ბოლო შეხვედრაში „უემბლიზე” ისლანდიას ელოდება, რომელიც 0 ქულით ბოლოზეა.
შესაბამისად, A დონის მე-2 ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობას 18 ნოემბერს ბელგიისა და დანიის შეხვედრა გვეტყვის. თამაში ბელგიაშია, ინგლისი კი არაფერ შუაში.
თუმცა, ჩვენ ბრიტანულ პრესას დავუბრუნდეთ, რომელიც წუხანდელ შეხვედრას ერთი წლით გადადებული ევრო 2020-ის ტესტ მატჩადაც განიხილავდა და წერს, რომ მათ გუნდს ევროზე წარმატების შანსი არ აქვს. გინდა გწყინოთ, გინდა არა, მაგრამ გარეთ საუთგეიტის ნაკრებმა ამ შემოდგომაზე ჩატარებული 5 თამაშიდან ოთხში მტკნარი, უსახური ფეხბურთი ითამაშაო, მიმართავენ ექსპერტები ფანებს. ინგლისელთა შანსს, გასულიყვნენ ერთა ლიგის ფინალში, იური ტილემანსის და დრის მერტენსის ადრეულმა გოლებმა გადაუსვა ხაზი.
მართალია, ინგლისელები ამ შეხვედრაში მთლად მომენტის გარეშე არ ყოფილან, მაგრამ ზოგადი სურათი მეტყველებდა, რომ ბელგია ინგლისზე კარგი გუნდია.
ერთადერთი, რითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუთგეიტმა შეიძლება თავი იმართლოს, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა და დისკვალიფიკაციაა, მაგრამ სამი ცენტრალური მცველით და დაცვის დამხმარე ჰაფბეკებით თამაშმა წინ გატყორცნილი თავდამსხმელის ჰარი კეინის უკან სიცარიელე დატოვაო, წერენ მიმომხილველები.
თუმცა, შეხვედრის ტაქტიკური ანალიზითა და მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ — რომლის პრემიერი ბორის ჯონსონი ერთხელ უკვე იყო კორონავირუსით ავად და ახლა, თავის დაზღვევის მიზნით, მეორედ წავიდა თვითიზოლაციაში (დაავადებულ პარლამენტარს შეხვედრია) — ისლანდიის ნაკრებს დანიიდან ქვეყანაში შესვლის საგანგებო ნებართვა გამოუწერა.