„ესტადიო და ლუჟზე”, რომელიც ლისაბონში მდებარეობს, მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის A დონის მესამე ჯგუფის შეხვედრაში 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომლისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ — „ჩელსის” ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ. ეს გახლდათ კანტეს მეორე გოლი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

კანტემ პორტუგალიელი მეკარის რუი პატრისიუს მოგერიებულ ბურთს დაამატა, მანამდე კი მასპინძელთა კარში იუვენტუსელმა ადრიან რაბიომ დაარტყა.

შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას მეტწილად დიდიე დეშამის ბიჭები ფლობდნენ, მომენტებიც არაერთი ჰქონდათ, ასე რომ 1:0 მათთვის შესაძლო შედეგებიდან საუკეთესო არ იყო.

ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ პორტუგალიელები გულხელდაკრეფილები იყვნენ, უბრალოდ, როგორც ამბობენ, მათი დღე არ იყო. თავისი წილი მცდელობა არც კრიშტიანუ რონალდუმ დააკლო, ოღონდ უშედეგოდ.