ის, რაც „დინამო არენაზე“ მოხდა, დიდი ხანი არ დაგვავიწყდება. მიზეზი მარტივია – ასეთი შანსი ჩვენ დიდი ხანი აღარ გვექნება და გასახსენებლადაც 2020 წლის 12 ნოემბერი დაგვრჩება. არც თუ კარგ გასახსენებლად…
ყველაფერი 1994 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, მოლდოვასთან მატჩი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის იყო. უიღბლოდ დაიწყო – მოსაგები წავაგეთ და ევროპირველობაზე გასვლის შანსი პირველივე თამაშისას დავკარგეთ.
ყველაფერი 2020 წლის 12 ნოემბერს დასრულდა. ევროპის ჩემპიონატი ხელის გაწვდენაზე იყო. საამისოდ, ჩრდილოეთ მაკედონიის არცთუ ძლიერი ნაკრების დამარცხება იყო საჭირო. მოსაგები წავაგეთ და აქ უკვე იღბალს ვერაფერს დავაბრალებთ. ყველაფერი იმ კომპლექსური შეცდომების ბრალია, რომელსაც 30 წელიწადი თვლა არ აქვს. ბოლო შეცდომა ვლადიმირ ვაისი იყო…
ბატონ ვაისს შეეძლო ისტორიაში ჩაწერილიყო და შეეცადა დიდ საფეხბურთო ფორუმზე მეორე ქვეყნის ნაკრები გაეყვანა. არ „იკადრა“ ეს ბატონმა ვაისმა და „გვაკადრა“ ყველას – ქვეყანას, გულშემატკივარს, ჟურნალისტებს…
ბატონი ვაისი პრესკონფერენციებზე არც კრიტიკულ კითხვებს კარდულობდა და ცდილობდა ჟურნალისტებთან შეტევაზე გადასულიყო. აქ შეცდით ბატონო ვაისს – შეტევით ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უნდა შეგეტიათ.
ბატონი ვაისი არ კადრულობდა გუნდისთვის ტაქტიკურ მონახაზს და ცდილობდა ერთეული ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის ხარჯზე გასულიყო ფონს. გაუმართლა, რომ საქართველოში ერთ პერიოდში დაიბადნენ გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია.
ბატონმა ვაისმა „დინამო არენას“ „აკადრა“ ჩრდილო მაედონიელთა ზეიმი, მერე კი საპრესკონფერენციოში გვაყურებინა სტუმრების ცეკვა – ცეკვით გამარჯვების აღნიშვნას, თავად კი ცდილობდა შეწუხებული სახით ბოდიშის მოხდით დავემშვიდებინეთ.
ვერ დავმშვიდდებით ბატონო ვაის, დიდი ხანი გვემახსოვრები… არცთუ კარგად…