„დინამო არენას“ მუშთაიდის პარკის მხრიდან მივადექი, აი, ზუსტად იქიდან, საიდანაც საქართველოს ნაკრების ავტობუსმა სანაპიროდან სტადიონისკენ აუხვია… აი, ზუსტად იქ, სადაც პეტარდების კვამლს ისე დაებურა იქაურობა, კაცი კაცს მეტრში ვერ გაარჩევდა… ამაკანკალა. გამაჟირიალა. წარმოუდგენელი მუხტი იფრქვეოდა… მხოლოდ ამათ გამო უნდა მოიგო… მხოლოდ ამათთვის უნდა გადახნა მოედანი… მხოლოდ ამათთვის…

ეს ბიჭები ავტობუსს ვარკეთილიდან მოყვებოდნენ, ვარკეთილიდან დიდუბემდე ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდნენ, დროშებს აფრიალებდნენ, გზას უთავისუფლებდნენ, აგულიანებდნენ ავტობუსში მსხდომთ… მერე სტადიონზე შევედი და როგორი გამოვედი, მგონი იოლი მისახვედრია.

მერე ფიქრებმა წამიღო. ძალიან მძიმე იყო სტადიონიდან სახლამდე ნახევარი საათი… მერე არქივს ჩავუჯექი და აი, ნახეთ რა ამოვქექე:

“ჩვენი სურვილია, რომ ვლადიმირ ვაისი დარჩეს საქართველოს ნაკრებში. მას უკვე ვესაუბრეთ და კიდევ შევხვდებით. შეიძლება ითქვას, რომ ვაისთან საერთო შეთანხმებამდე ვართ მისულები“.

„რა თქმა უნდა, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რომლის გამოც მივიღეთ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილება“.

„არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვამბობ, რომ იყო შეცდომები როგორც ფედერაციის, ისე ფეხბურთელებისა და ვაისის მხრიდან, მაგრამ ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო. ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.

„საქართველოს ნაკრებმა მოგების გარეშე რომ ჩაამთავრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ჩემზე მეტად ალბათ, არავინ განიცდის. ეს შედეგი ჩემთვისაც მიუღებელია და არც მე ვარ ბედნიერი. სლოვაკ სპეციალისტს იმიტომ არ ვტოვებთ, რომ ვთქვათ: ყოველ შესარჩევ ციკლში მწვრთნელი არ იცვლებაო“.

„დამიჯერეთ, ვლადიმირ ვაისი არაა საქართველოს ნაკრების პრობლემა.”

„ვლადიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მარტის ბოლოს ამოეწურა. ხელშეკრულების მიხედვით, დღეს, საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს. ვაისმა იცის ჩვენი პოზიცია: გვინდა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა და პლეი ოფის მატჩებში სწორედ ის იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი“.

„ფედერაცია მომხრეა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი დარჩეს“.

როგორ ფიქრობთ, ვისი მარგალიტებია??? დიახ, ეს ბოლო ერთი წელიწადში თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. სწორედ ამ სიტყვების გამო უნდა მოეთხოვოს მას პასუხი და ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, მისი მხრიდან, ერთადერთი სწორი ნაბიჯი მისივე მორყეული სკამიდან წამოდგომა და წასვლა თუ იქნება… ვაისი, ფაქტობრივად წასულია, ასეთი ფიასკოს შემდეგ კი მას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიტენტიც უნდა მიჰყვეს. სწორი და ვაჟკაცური ნაბიჯი ეს იქნება.

თუმც სად წამსვლელია – საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მძიმე და მტკივნეული მარცხი განიცადა, ფედერაციის პრეზიდენტი კი მესამე დღეა გაუჩინარებულია.

ვითომ, თვითგვემაა?  მეეჭვება, ალბათ უფრო პირადი საქმეებით არის დაკავებული, თორემ ნაკრების ბედ-იღბლით შეწუხებული კაცი, სათქმელს აქამდე იტყოდა და ყველაზე ცუდ ვარიანტში, ქომაგთა დახეთქილი გულებისთვის, მინიმუმ ბოდიშს მოიხდიდა.

მაგრამ ამის თქმასაც ხომ გამბედაობა სჭირდება? საიდან ამდენი გულადობა?..

ვლადიმირ ვაისმა რომ ეს საშინელება მოგვიწყო, ნუთუ არავინაა მის ჩამოყვანაზე, მის სამსახურზე  პასუხისმგებელი??? იდეაში, ასეთი სწორედ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ… კი, ძნელია სკამიდან წამოდგომა და თქმა – მე, წავედი! დიახ, ძნელია, მაგრამ ყველაზე მაგარი სწორედ ეს იქნებოდა.

… მერე სოციალურ ქსელს ჩავუყევი, მილიონი პოსტი და აზრი შემხვდა. ასეთიც და ისეთიც, თუმც ყველა ერთი პათოსით იყო გაჯერებული – ძნელია მათ არ დაეთანხმო და სინანული მშვიდად გაიზიარო. ცხადია ასეთი კრახის შემდეგ ემოცია სჭარბობს, ბევრია ნეგატივი, შეურაცხყოფაც… თუმც ახლა ემოციის და გულზე მჯიღის ცემის ადგილი არ არის.

მშვიდად და მხოლოდ ფაქტებით, აგერ ეს 50 თამაში და შედეგი, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელში ჩაატარა.

მეტოქეებს მიაქციეთ ყურადღება და დასკვნებიც თქვენზე იყოს…

 

სულ – 50 მატჩი, 17 მოგება, 16 ფრე, 17 წაგება

2015 წელი: 4 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება

08.10.15           საქართველო 4:0 გიბრალტარი

11.10.15           გერმანია 2:1 საქართველო

11.11.15           ესტონეთი 3:0 საქართველო

16.11.15           ალბანეთი 2:2 საქართველო

მწვრთნელი კახა ცხადაძე

2016 წელი: 8 მატჩი, 1 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება

29.03.16           საქართველო 1:1 ყაზახეთი

27.05.16           სლოვაკეთი 3:1 საქართველო

03.06.16           რუმინეთი 5:1 საქართველო

07.06.16           ესპანეთი 0:1 საქართველო

05.09.16           საქართველო 1:2 ავსტრია

06.10.16           ირლანდია 1:0 საქართველო

09.10.16           უელსი 1:1 საქართველო

12.11.16           საქართველო 1:1 მოლდოვა

2017 წელი: 12 მატჩი, 3 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება

23.01.17           უზბეკეთი 2:2 საქართველო

25.01.17           იორდანია 1:0 საქართველო

24.03.17           საქართველო 1:3 სერბეთი

28.03.17           საქართველო 5:0 ლატვია

           07.06.17           საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი

11.06.17           მოლდოვა 2:2 საქართველო

02.09.17           საქართველო 1:1 ირლანდია

05.09.17           ავსტრია 1:1 საქართველო

06.10.17           საქართველო 0:1 უელსი

09.10.17           სერბეთი 1:0 საქართველო

10.11.17           საქართველო 1:0 კვიპროსი

13.11.17           საქართველო 2:2 ბელარუსი

 

2018 წელი: 10 მატჩი, 8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება

24.03.18           საქართველო 4:0 ლიტვა

27.03.18           საქართველო 2:0 ესტონეთი

01.06.18           საქართველო 1:0 მალტა

05.06.18           ლუქსემბურგი 1:0 საქართველო

06.09.18           ყაზახეთი 0:2 საქართველო

09.09.18           საქართველო 1:0 ლატვია

13.10.18           საქართველო 3:0 ანდორა

16.10.18           ლატვია 0:3 საქართველო

15.11.18           ანდორა 1:1 საქართველო

19.11.18           საქართველო 2:1 ყაზახეთი

2019 წელი: 10 მატჩი, 2 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება

23.03.19           საქართველო 0:2 შვეიცარია

26.03.19           ირლანდია 1:0 საქართველო

07.06.19           საქართველო 3:0 გიბრალტარი

10.06.19           დანია 5:1 საქართველო

05.09.19           სამხრეთ კორეა 2:2 საქართველო

08.09.19           საქართველო 0:0 დანია

12.10.19           საქართველო 0:0 ირლანდია

15.10.19           გიბრალტარი 2:3 საქართველო

15.11.19           შვეიცარია 1:0 საქართველო

19.11.19           ხორვატია 2:1 საქართველო

2020 წელი: 6 მატჩი, 2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება

05.09.20           ესტონეთი 0:1 საქართველო

08.09.20           საქართველო 1:1 მაკედონია

08.10.20           საქართველო 1:0 ბელარუსი

11.10.20           სომხეთი 2:2 საქართველო

14.10.20           მაკედონია 1:1 საქართველო

12.11.20           საქართველო 0:1 მაკედონია

მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი

წილი
წინა სტატიასინერის კვირა
შემდეგი სტატიაინგლისი ჩარჩა და უსახურია
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.