მო სალაჰს კოვიდი აქვს. ძმის ქორწილში აიკიდა. „ლივერპულის” 28 წლის თავდამსხმელი უსიმპტომოა. ის ინგლისში ეგვიპტის ნაკრების შეკრებიდან დაბრუნდა.
ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეხვდებოდა ამ ცნობას მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი, რომელსაც ბოლო პერიოდში უკვე დაუშავდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ახლა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის თანაბომბარდირ სალაჰს (მას და „ევერტონის” თავდამსხმელს დომინიკ კალვერტ-ლევინს 8 გოლი აქვთ გატანილი) ათდღიანი თვითიზოლაცია მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტელი შემდეგ შაბათს „ლესტერთან” თამაშს გამოტოვებს.
რაც შეეხება ქორწილს. სალაჰი სამშაბათს, ქაიროში, ძმის, ნასრის ქორწილს დაესწრო და რეგულაციები დაარღვია. ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს, როგორ ცეკვავს ვარსკვლავი უამრავ ადამიანთან ერთად, თან პირბადე ნიკაპზე აქვს ჩამოწეული.
ქორწილს აგრეთვე ესწრებოდა „ასტონ ვილას” ეგვიპტელი მოთამაშე მაჰმუდ ტრეზეგე.
ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ თავიდან განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში სალაჰის მეტი არავინ დაავადებულა, მაგრამ, მოგვიანებით კიდევ სამი ფეხბურთელის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.