ჩვენ ფეიკ-ნიუსების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ტყუილ-მართლის გარჩევა ზოგჯერ გვარიან ძალისხმევას მოითხოვს. გულწრფელად გეტყვით, რომ როდესაც რომელიღაც სააგენტოს გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ეს განცხადება წავიკითხე, იმდენად დაუჯერებლად მომეჩვენა, რომ პირველწყაროს ძებნას შევუდექი, რადგან ტექსტი ფეიკად თუ არა, სულ მცირე, დავით მუჯირის ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციად ჩავთვალე.
შემდეგ ამბის პირველწყაროს – მუჯირს განცხადების ვიდეოჩანაწერს მივაგენი და…
მინდა გთხოვოთ, ყოველგვარი ინტერპრეტაციების ასაცილებლად, სანამ ამ წერილის კითხვას განაგრძობთ, მუჯირის განცხადებას თქვენც მოუსმინეთ.
ის მხარდაჭერა, რომელიც თქვენი ვალდებულებაა, ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხის ვალდებულებაა, სამწუხაროდ, დღეს არ იგრძნობა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ჩვენ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე, არ ვართ, ალბათ, ქვეყანა მზად რომ წარმოვადგინოთ – დავით მუჯირი
წესით, გენერალური მდივნის ამ კომენტარს კომენტარი აღარც სჭირდება. და თუ მაინც ვწერ, უფრო გაოცების გამო: რა რჯიდა, ასეთი კომენტარი რომ გააკეთა?!
უამრავი თამაში წაგვიგია და წაგების უამრავი ახსნა მოგვისმენია. წაგება დაბრალებია მწვრთნელს, ფეხბურთელს, მსაჯს, ცუდ მოედანს, თვალებში შეჭყიტინებულ მზეს, ქარს, წვიმას, არმაგედონს, მასონთა შეთქმულებას და მალაიზიურ საბუქმეკერო კანტორაში დადებულ ფსონს. არასდროს ფედერაციის მეთაურებს, მაგრამ პირველად მოვისმინე, რომ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენა ქართველი ხალხის ბრალი ყოფილა.
საიდან და რატომ ეს აგრესია ხალხის მიმართ? რატომ წარმოიდგინეს ამ ადამინებმა, რომ ხალხის ერთადერთი ფუნქცია ხბოს აღტკინება და ტაშის დაკვრაა?! რატომ გაღიზიანდა დავით მუჯირი ჟურნალისტების მიერ VIP-ლოჟაში მყოფი ხალხის შესახებ დასმულ კითხვებზე, რასაც მოაყოლა კიდეც ეს განცხადება? რატომ თვლიან ჩინოვნიკები, რომ მათ უკეთ იციან, რა კითხვა უნდა დასვას ჟურნალისტმა და რა – არა? და ამ ყველაფერში “ქართველი ხალხის” გარევა კიდევ სხვა განზომილებაა… სხვათა შორის, დავით მუჯირმა ეს კომენტარი მას მერე გააკეთა, რაც იქამდე ლევან ცქიტიშვილი ფედერაციასთან მისულ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა და შემდეგ კმაყოფილებით თქვა, მოსახვედრს მოხვდაო.
წაგების გულშემატკივრისთვის და მით უმეტეს, სრულიად ქართველი ხალხისთვის დაბრალება, საეჭვოა, ფეხბურთის ფედერაციის ამ შემადგენლობას ხეირად მოუბრუნდეს. დანარჩენი თვითონ იციან…