„არსენალს” ორმაგ სტანდარტებსა და მესუთ იოზილის დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი. კვიპროსელ თურქთა ასოციაციის საბჭომ პრემიერლიგის კლუბს გუშინ წერილი მისწერა, რომელშიც ჩრდილო ლონდონელები ეროვნებით თურქი და აღმსარებლობით მუსლიმი გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის ჩაგვრაში დაადანაშაულა.
წერილში არის ასეთი წინადადება: „თქვენ აშკარად ეწევით ჩვენი საზოგადოების დისკრიმინაციას”.
ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 300 000 კვიპროსელ თურქს აერთიანებს.
თავმჯდომარე ერთუგრულ მეჰმეთი „არსენალს” უცხადებს, რომ კლუბი სხვა არაბრიტანელ ფეხბურთელებს უკეთ ექცევა, ვიდრე იოზილს, რაც უსამართლობაა. ყველაფერი დაიწყო გასული წლის დეკემბრიდან, როდესაც იოზილიმა უიგურელ თურქთა მძიმე მდგომარეობის გამო ჩინეთის მთავრობა გააკრიტიკა. მაშინ, „არსენალმა” განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელის კერძო მოსაზრებაა და კლუბი ამ განცხადებასთან არაფერ შუაშია.
კვიპროსელ თურქთა წერილში მოტანილია კონკრეტული მაგალითებიც. კერძოდ, კატალონიელი ექტორ ბელერინი ბრიტანეთში არჩევნების თემას ეხმაურებოდა ჰეშთეგით F..Boris, მაგრამ კლუბს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. „არსენალმა” მხარი დაუჭირა საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილ გაბონელ პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და მის ნიგერიელ ფანებსაც, როდესაც მათ ნიგერიაში პოლიციური ტერორის წინააღმდეგ გაილაშქრეს.
ერთუგრულ მეჰმეთმა „არსენალი” გააფრთხილა, რომ კლუბმა შეიძლება ბრიტანეთის დედაქალაქში მცხოვრები მრავალი თურქი გულშემატკივრის მხარდაჭერა დაკარგოს.
მეორე მხრივ: მესუთ იოზილს 7 მარტის შემდეგ ერთი წუთიც აღარ უთამაშია, მაგრამ კონტრაქტის თანახმად კვირაში 350 000 ქირვანქას იღებს.