დიდად ღირებული თამაშის წინ ადამიანური სისუსტე შემოგვეპარა და ობიექტურ ჟურნალისტურ მსჯელობაზე ხელი ავიღეთ:

  • ნეტავ ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარემ ხვალაც ისე მიჰქაროს, როგორც კოსოვოსთან ნახევარფინალში
  • თუ რიკოშეტით, თუ ავტოგოლით, თუ რაგბის მსგავსად ჯგროდ მიწოლით – ნეტავ ტაბლოზე თამაშის ბოლოს ჩვენი გატანილი ერთით მეტი გოლი გამოისახოს

12 ნოემბერი ისეთი დღეა, ფეარ ფლეიზე ფიქრიც არ გვინდა. ამ ერთხელ გვაპატიოს მკითხველმა და გვგონია, გვაპატიებს კიდეც, რადგან ბალკანელებთან თამაშს ბაცი, მაგრამ მაინც 13 მაისის ელფერი დაჰკრავს. ერთ, ერთადერთ თამაშზე ჰკიდია მომავალი რამდენიმე წლის ბედი: მოვიგებთ – მოჯადოებული წრე გაირღვევა და იქ მოვხვდებით, სადაც ფეხბურთის თამაშს ფასი ადევს.

12 ნოემბერს „პაიჭაძეზე“ ყველაფერს ჯიგარი და შემართება გადაწყვეტს, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები არ არის ის გუნდი, რომელსაც თუნდაც დაბეჩავებული საქართველოს კლასით მიბურთავება შეუძლია. ეს არის ჯანიანი, ევროპული მეორე ეშელონის, ანუ „შარლერუას“ და „უდინეზეს“ დონის კლუბებში მოღვაწე ბიჭების კოლექტივი, რომელსაც აქვს პროფესიული ნაკრებისთვის აუცილებელი ყველა თვისება, გამართული ტაქტიკით დაწყებული და საკმარისი საფეხბურთო სიმულაცია-გაიძვერობით დასრულებული. მაგრამ ეს არ არის გუნდი, რომელთან სათამაშოდაც საქართველოს ნაკრები მუხლების ცახცახით და წაგებას შეგუებული უნდა გავიდეს.

დღეის თამაშის მოგების მთავარი რეცეპტი მარტივია: ბრძოლა ჯიგრის ჩაქცევამდე, „დინამო არენაზე“ მინდვრის ისე გადახვნა, რომ აღდგენას ერთი კვირა არ ეყოს და გაწევა და გამოწევაც, თუ საჭირო გახდება. დანარჩენი, უფრო კარგად და საქმის ცოდნით, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა იციან და გვეიმედება, რომ გააკეთებენ კიდეც.

გამარჯვებას გისურვებთ, ბიჭებო!

 

 

 

წილი
წინა სტატიავაისის გულის თამაში და კორონა-ცრემლები
შემდეგი სტატიადიეგოს ღმერთმა უშველა
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია