მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტებმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში, 1:1 ითამაშეს.
10 წლის წინ, დამატებით დროში, „ლა როხამ” ანდრეს ინიესტას გოლით მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამჯერად, ესპანელთაგან „ბეტისის” შემტევმა ნახევარმცველმა სერხიო კანალესმა გაიტანა. ეს 29 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. სულ, წითელი მაისურით მას 6 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, კანალესი „რეალის” თინეიჯერი გამთამაშებელი იყო და ნაკრებში ვერ მოხვდა.
კანალესის გოლი ჰოლანდიელებთან მატჩში ერთადერთი არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმის დასაწყისში „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა ანგარიში გაქვითა.
„რასაკვირველია, როდესაც გუნდის მწვრთნელად გნიშნავენ, თავიდანვე გამარჯვებებით გინდა დაიწყო”, — გულდაწყევიტით თქვა „ბარსელონაში” წასული რონალდ კუმანის შემცვლელმა, ჰოლანდიის ნაკრების ახალმა თავკაცმა ფრანკ დე ბურმა, რომლის პირველი ოთხი თამაშიდან სამი ფრე გამოდგა, ერთში კი „ორანიე” დამარცხდა.
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, იმავე „ბარსას” ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკე კი თამაშით კმაყოფილი დარჩა, თუმცა შიში ჭამა — „ვალენსიას” მარცხენა მცველი ხოსე ლუის გაია „ატალანტას” მარჯვენა მცველს ჰანს ჰატებურს დაეჯახა და თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სერიოზულადაც დაშავდა.
გაია: „შეჯახება ძალიან ძლიერი და მტკივნეული იყო, მაგრამ, მგონი ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. მადლობა ექიმს, ახლა შედარებით უკეთ ვგრძნობ თავს. შევხედოთ, დაშავებული ადგილი რამდენად სწრაფად მოშუშდება. მინდა, მოედანს მალე დავუბრუნდე”.
შესაძლოა, ზოგადად მაინც ესპანეთმა დატოვა უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება, მაგრამ მემფის დეპაიმ გოლის გასატანად ჩინებული შესაძლებლობა ქარს… უფრო სწორედ ბასკ მეკარე უნაი სიმონს გაატანა. არადა, რომ გაეტანა უკეთესსა და უარესზე მსჯელობა გამარჯვებულსა და დამარცხებულზე ლაპარაკით შეიცვლებოდა.
და კიდევ, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე მოედანზე შევიდა სერხიო რამოსი. ეს მისი 176-ე თამაში იყო ნაკრებში. ამ მაჩვენებლით ის ევროპის რეკორდსმენ იტალიელ ჯანლუიჯი ბუფონს გაუტოლდა. მსოფლიო რეკორდი კი ეგვიპტელ აჰმედ ჰასანს აქვს დამყარებული — 184.
„