გრეგ კლარკი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. იძულებული გახდა გადამდგარიყო. მიზეზი: მან პარლამენტარებთან შეხვედრის დროს ამ უკანასკნელთათვის მოსაწონი ლექსიკა არ გამოიყენა. თან, კლარკი აქამდეც ჰყავდათ შემჩნეული. ხანდახან ის პოლიტკორექტული არ იყო.
მას ბოდიშის მოხდა მოუხდა. 63 წლის ჩინოვნიკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის ემშვიდობება საქმეს, რომელსაც ათწლეულები მიუძღვნა. მან ბოდიში მოიხადა აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელების წინაშე. თავად რამდენს ვმუშაობდი, მათ ჩვენს ფეხბურთში გზა რომ გახსნოდათ და მაპატიეთ, თუ ვაწყენინეო.
აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელების გარდა მან აწყენინა სამხრეთ აზიელებს, ჰომოსექსუალებსა და ქალებს. თუმცა, კლარკის გასამართლებლად ზოგმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ საქმე გვაქვს ძველი თაობის კაცთან, რომელმაც ადრინდელი ტერმინები გამოიყენა და არ დაუკვირდა, რომ პოლიტკორექტულობის ნორმები შეიცვალა.
თუმცა, სჯობს მოვყვეთ რა მოხდა. შეცდომა, რომელიც კლარკმა პარლამენტარებთან დაუშვა გახლდათ ის, რომ მან ახსენა სიტყვა „ფერადკანიანები” რაც თურმე აღარ შეიძლება. სხვათა შორის, კლარკმა იქვე განმარტა:
„მე საზღვარგარეთის ქვეყნებში ვმუშაობდი, სადაც სწორედ ამ ტერმინის გამოყენებას მთხოვდნენ, რადგან მათი კანონმდებლობის თანახმად ადამიანთა მრავალფეროვნებას ასე გამოხატავდნენ. ამბობდნენ „სხვადასხვა ფერის ხალხი”. მე კი, ხანდახან, ლაპარაკის დროს ტერმინები მერევა ხოლმე”.
მაგრამ, უბედურება ის იყო, რომ ტერმინი „ფერადკანიანი” კლარკმა გეი ფეხბურთელებზე ლაპარაკის დროს ახსენა, არადა თავისი წილი შეცდომა მათთან მიმართებაშიც დაუშვა.
ის პასუხობდა კითხვას, რატომ არ ჩანან ელიტურ ფეხბურთში გეი ფეხბურთელები, რაზეც თქვა გეიობა ცხოვრებისეული არჩევანიაო. თურმე, ამის თქმაც არ შეიძლებოდა.
კლარკი ქალ ფეხბურთელებზე ლაპარაკის დროსაც შეცდა. ეტყობა მას, როგორც პროფესიონალს ჰქონდა სტატისტიკური მონაცემი, რომ ქალები კარში ჩადგომას ერიდებიან ანუ კაცები უფრო ხშირად თანხმდებიან მეკარეობაზე, ვდრე ქალები. მან თქვა ქალ მეკარეებს ბურთი ძლიერად რომ ხვდებათ სტკივათო. ეს კი სექსიზმი ყოფილა.
და ბოლოს სამხრეთ აზიელებზე: მათო, ბრძანა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ახლა უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ჩვენს ოფისში IT სამუშაო უფრო აინტერესებთ, ვიდრე ფეხბურთის თამაშიო. მოკლედ, კომპიუტერებთან ძლიერები არიან, მოედანზე კი ვერაო, ასე გამოუვიდა…
და გადადგა!