ანტუან გრიზმანი კვლავ გამოჩნდა სოციალურ ქსელში. მან დაპოსტა, რომ ლეო მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამის დაწერა „ბარსელონაში” მოთამაშე ფრანგს მისი ყოფილი აგენტის ერიკ ოლატსის სიტყვების გასანეიტრალებლად დასჭირდა.
აგრეთვე, გრიზმანმა „ტვიტერზე” დადო ფოტო, სადაც ის და მესი „ბეტისთან” შეხვედრის დროს ერთმანეთს ეხვევიან, გოლს ზეიმობენ.
ერთი სიტყვით, მსოფლიოს ჩემპიონმა იგრძნო, რომ ერიკ ოლატსის მიერ „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ ვითარებისთვის ნათელი უნდა მოეფინა. ოლატსმა კი ცნობილ ფრანგულ ჟურნალს ასე უთხრა:
„ანტუანი ჩავიდა პრობლემებით სავსე კლუბში, სადაც ყველაფერს მესი აკონტროლებს. ის ერთდროულად არის იმპერატორი და მონარქი, რომელიც ანტუანის „ბარსელონაში” გადასვლას კარგი თვალით არ უყურებდა.
მესის დამოკიდებულება სამწუხარო იყო. თან, ის ამ დამოკიდებულებას გრიზმანისგან არ მალავდა. პასუხად, ანტუანი სულ იმეორებდა, რომ მას მესისთან კარგი ურთიერთობა აქვს. საპირისპირო ერთხელაც არ წამოსცდენია.
ეს ნამდვილი ტერორის რეჟიმია. ან მესისთან ხარ ან მის მოწინააღმდეგედ ცხადდები”.
კატალონიური პრესა კი წერს, რომ მესის და გრიზმანს კარგი ურთიერთობა აქვთ, რაშიც მათ ხელი ლუის სუარესმა შეუწყო. ურუგვაელი მესისა და გრიზმანთან შედარებით ექსტრავერტია და მათ შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში თურმე დიდი როლი ითამაშა.