ჩრდ. მაკედონიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პრესკონფერენცია გამართეს.
ვლადიმირ ვაისი
– ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და ხალხს გავახარებთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეთ კოსოვო უფრო ძლიერი მეტოქეა თუ ჩრდილოეთ მაკედონია, გიპასუხეთ, კორონავირუსი-მეთქი. და მართლაც ასეა. ეს მოცემულობაა, ვერაფერს გავაწყობთ. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის შემადგენლობა, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
– ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და გავიხაროთ. იგივე განწყობაა მეტოქის ბანაკში, დანაკლისი მათაც აქვთ. კვარასა და შენეგლიას გარეშე კი ვითამაშებთ, მაგრამ წინა ხაზში კიდევ გვყავს ფეხბურთელები, ვიცი უკვე ვის დავაყენებ, თუმცა ახლა არ ვიტყვი.
– პაპუნაშვილი გუნდში არ თამაშობდა, თუმცა ის ჩვენთანაა და იმედია უახლოეს მატჩებში დაგვეხმარება. შანსი მინდა მივცე. 2 წლის წინ საოცარ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა. კარგ ლიგაში, კარგ კლუბში თამაშობს და ის ფეხბურთელია რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
– პირველ მატჩში 4 მცველით ითამაშა მაკედონიამ, მეორეში 5-ით. ვნახოთ ხვალ რას გადაწყვეტენ. ჩვენ დისციპლინით უნდა ვითამაშოთ, ვნებით, დადებითი ემოციით და რაც მთავარია, შეტევაში კარგად უნდა ვიმოქმედოთ. სომხეთთან საოცარი შანსები ვერ გამოვიყენეთ და 2 ქულა დავკარგეთ. იგივე იყო მაკედონიაშიც.
– ეს მხოლოდ ფეხბურთია, ორი გზა გვაქვს, მოვიგებთ ან წავაგებთ, ან გმირები ვიქნებით, ან ლუზერები. ჩვენ მოგება და მთელი საქართველოს გახარება გვსურს. პირობა შემიძლია მოგცეთ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ,” – თქვა ვლადიმერ ვაისმა
ნიკა კვეკვესკირი
– მადლობა ყველას დადებითი ემოციისათვის. არ დავიწყებ იმის თქმას, რომ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, ისედაც ვიცით, რომ ყვლასთვის ოცნების თამაშია, წარმატების მიღწევა ჩვენი თავისთვის, მთელი საქართველოსთვის გვსურს.
– რთულია, როცა მეგობარს ოცნების მატჩის გამოტოვება კორონავირუსის გამო უწევს. ძნელია ამის გამო აცრემლებული მეგობრის ნახვა. ვაისის ნაკრების მთავარი პლუსი გუნდურობაა. გვაკლია ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ოცნებასთან ერთ ნაბიჯში ვართ. მათ გარეშე რთულია. ვიწვით და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება მატჩი. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც სახლიდან, სოციალური ქსელებიდან გვიჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ საქართველო გავახაროთ.