კატალონიური გაზეთი „სპორტი” წერს: ეს უფრო „ბარსელონას” ფანის ოცნებას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია — „რეალის” კარში „ვალენსიას” სასარგებლოდ სამი პენალტი დანიშნეს! საჯარიმოში წესის სამი დარღვევიდან სამივე დაფიქსირდა.

არადა, ზინედინ ზიდანის გუნდმა კარგად დაიწყო. 23-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ძლიერი, ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მალე „ვალენსიამ” ყველაფერი ყირაზე დააყენა და ამაში წვლილი ვიდეოტექნოლოგიებმაც შეიტანა.

ზემოთ ნახსენები სამი პენალტიდან სამივე კარლოს სოლერმა შეაგდო, თუმცა პირველ ეპიზოდში ნერვიულობა მოუხდა. თერთმეტმეტრიანი ლუკას ვასკესის ხელით თამაშის გამო დაინიშნა. სოლერმა დაარტყა, მაგრამ ჯერ ტიბო კურტუამ მოიგერია, მერე ძელს მოხვდა, მესამე დამატებული კი იუნუს მუსამ შეაგდო, მაგრამ… გოლი არ ჩაითვალა, რადგან მუსამ საჯარიმოში ადრე შედგა ფეხი. ფეხი ხაზს მილიმერტებით გადაცილებული ჰქონდა ვასკესსაც. მსაჯმა ეპიზოდი მონიტორზე ნახა და „ვალენსიას” პენალტი გაამეორებინა. სოლერმა ამ ჯერზე გაიტანა.

მეორე პენალტი სოლერმა მაშინ შეაგდო, როდესაც მარსელოსა და მაქსი გომესის ორთაბრძოლის შემდეგ მსაჯმა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა, ხოლო მესამე მაშინ, როდესაც სერხიო რამოსმა ბურთს მოძრაობაში რატომღაც და თან სრულიად გააზრებულად ხელი გაჰკრა და საჯარიმოს გარეთ გააგდო.

ამ ორ პენალტამდე კი იყო ეპიზოდი, როდესაც რაფაელ ვარანს ბურთი თავის კარში ჩაეჭრა. მართალია, ფრანგმა ის დინამიკაში ხაზს გარეთ გამოაგდო, მაგრამ VAR-მა გოლი დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ წაგებაზე მთელი პასუხისმგებლობა ზინედინ ზიდანმა იკისრა:

„დღეს ყველაფერი ჩვენ დაგვატყდა თავს. სამი პენალტი და ავტოგოლი მეტისმეტი იყო. დამნაშავე, რასაკვირველია, მე ვარ. მწვრთნელი გახლავართ და ყველა სიტუაციაში გამოსავალი მე უნდა მოვიფიქრო.

„ვალენსიამ” ანგარიში რომ გაქვითა, მას შემდეგ თამაში მთლიანად შეიცვალა. ასეთი რამ ხანდახან ხდება, მაგრამ მე ეს არ მომწონს.

დღევანდელის გასამართლებლად ათასი მიზეზის მოტანა შეიძლება, მაგრამ თავის მართლება არ მჩვევია”.