ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრძანა, ჩემს ქვეყანაში დანიიდან შემოსული არავინ დავინახოო და… ინგლისისა და ისლანდიის შეხვედრას გადადება დაემუქრა.
მიზეზი ცხადია კორონაპანდემია გახლავთ.

ზემოთ ხსენებული ბრძანება უეჭველად შეაშფოთებს პრემიერლიგის კლუბებსაც, რომლებმაც სანაკრებო ფანჯრის შემდეგ შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელები მთელი ორი კვირით მოისაკლისონ. მათ ხომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინი დაემუქრებათ.

აქამდე დანიიდან შემოსვლა ელიტურ სპორტსმენებს შეუზღუდავი ჰქონდათ. მათთვის გამონაკლისი იყო დაშვებული, მაგრამ ამიერიდან აკრძალვა მათაც შეეხოთ. გამოდის, რომ ინგლისისა და ისლანდიის 18 ნოემბრის შეხვედრა საფრთხის ქვეშაა.

ვინმე იკითხავს, თუ რატომ ვერ ჩადიან ისლანდიელები ინგლისში დანიის გვერდის ავლით. საქმე ის არის, რომ ინგლისის ნაკრებთან თამაშამდე სამი დღით ადრე ყინულოვანი კუნძულის გუნდი კოპენჰაგენში დანიას ხვდება.

ბოლო ცნობების თანახმად, ბრიტანეთის ხელისუფლება და ფეხბურთის ასოციაცია დანიასთან დაკავშირებული რეგულაციის ერთი კვირით გადატანის თაობაზე მსჯელობენ.