სერხიო რამოსმა ინსტაგრამის მეშვეობით თავისი გულშემატკივარი ააღელვა. „რეალის” 34 წლის კაპიტანმა თავისი 100 გოლის ვიდეო დაპოსტა და მიაწერა: „ჯერ დრო მაქვს. კიდევ გავიტან”.
რამოსის ეს სიტყვები ბევრმა მინიშნებად აღიქვა. რას უნდა ნიშნავდეს „ჯერ დრო მაქვს”? იმას ხომ არა, რომ კაპიტანი კლუბთან ახალ კონტრაქტს აფორმებს? მის ძველ ხელშეკრულებას ხომ 2021 წლის ზაფხულში ვადა გასდის.
თუმცა, რამოსის ფანების სამწუხაროდ, „რეალის” ოფისიდან ჯერ სასიკეთო არაფერი ისმის. ერთი რამ კი ფაქტია — კლუბს დიდი დრო აღარ აქვს.
ამბობენ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში „ლოს ბლანკოსისა” და ესპანეთის ნაკრების ვეტერანს ახალ კლუბებთან მოუწევს მოლაპარაკებების დაწყება, რაც მადრიდისტებს ნამდვილად არ სურთ. პრობლემა კი ისაა, რომ კორონაკრიზისმა „რეალს” ძლიერად დაარტყა. კლუბი სავარაუდოდ 190 მილიონ ევროს იზარალებს. ფეხბურთელების ხელფასები 10 პროცენტით უკვე შემცირებულია და 15-20 პროცენტიანი შემცირება კიდევ წინაა. შედეგად, ფლორენტინო პერესი რამოსს გასამრჯელოს ვერ გაუზრდის.
უფრო ზუსტად, სიტუაცია ასეთია: რამოსი ძველ ხელფასზე თანახმაა, ოღონდ ორწლიან კონტრაქტს ითხოვს, „რეალს” კი 33 წელზე ასაკოვანი ფეხბურთელებისთვის თანამშრომლობის ერთ წელიწადზე დიდი ხნით გაგრძელება არ სჩვევია.
დაირხა ხმა, რომ რამოსისთვის გამონაკლისს დაუშვებენ, რადგან ის „რეალს” არასდროს დასჭირვებია იმაზე მეტად, ვიდრე ახლა.
ზოგადად კი, როგორც ლიდერი სერხიო რამოსი უბადლოა. ის ერთ-ერთი ყოჩი იყო, როდესაც „რეალში” არც მეტი-არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა და პორტუგალიელის წასვლის შემდეგ ვაკუუმი მთლიანად შეავსო.
როგორც დაცვის ლიდერზე, მასზე სტატისტიკა მეტყველებს: გასულ სეზონში, 38 შეხვედრაში „რეალში” სარეკორდოდ ცოტა, 25 გოლი გაუშვა.
როგორც მეგოლემ, ჩემპიონთა ლიგაში, „რომასთან” (3:2), მან თეთრი მაისურით მეასედ გაიტანა. გასულ სეზონში კი მცველისთვის წარმოუდგენელი რაოდენობის გოლები შეყარა — 11.
თავურის დარტყმაში ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და პენალტებსაც ფაქტობრივად უშეცდომოდ ასრულებს.
და რაც ძალიან მნიშვნელოვანია: სერხიო რამოსს არასდროს დაუწყია სხვა გუნდში გადასვლით სპეკულაცია, რათა „რეალისთვის” მეტი ხელფასი გამოეტყუებინა. ის ამბობდა და ამბობს, რომ კარიერის დასრულება „რეალში” სურს.