დღეს „ბარსელონა” „ბეტისს” ხვდება. თამაში საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზეა. მატჩის წინ, „ბარსას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სხვა საკითხებთან ერთად ლეო მესის ერთგულებაზეც ილაპარაკა. ამ ბოლო დროს მოხშირდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს არგენტინელმა „ბლაუგრანაზე” გული აიყარა.
„ლეო დიდი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ მოედანზე გვჭირდება. აქ, მას შეუძლია მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნას. მესი განსაკუთრებით საშიში შეტევაშია. როგორც თავდამსხმელს მას სხვადასხვა პოზიცია დაუჭაშნიკებია: ყოფილა ცრუ ცხრა ნომერი, გარემარბი და ასე შემდეგ. ჩვენ მისი გვწამს და, ვიმეორებ, ვიცით, რომ მოწინააღმდეგეს პრობლემებს უქმნის.
რაც შეეხება მის გუნებ-განწყობას, მოგახსენებთ, რომ მესი თავს ჩინებულად გრძნობს, შინაგანად ძლიერია და ფეხბურთის თამაში, როგორც ყოველთვის, სიამოვნებს. ის, ნებისმიერი ფეხბურთელის მსგავსად იქუფრება, როდესაც საქმე კარგად არ მიდის და გოლი ვერ გაგვაქვს, მაგრამ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, მთლიანად არის ჩართული”.
ბოლო დღეებში გავრცელდა კადრი, სადაც „ბარსელონასა” და კიევის „დინამოს” შეხვედრაში ბურთი კიეველ ფეხბურთელს აქვს, მესი კი გვერდით მისეირნობს და მეტოქისთვის ხელის შეშლა აზრადაც არ მოსდის. ამ ვიდეო-ნაწყვეტზე დაყრდნობით ბევრმა დაასკვნა, რომ არგენტინელი „ბარსასთვის” არ იბრძვის.
კუმანი: „ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება მოუძებნოთ კადრი, სადაც ის მოედანზე მისეირნობს. ეს მე არ მაინტერესებს. თუ თქვენ სკანდალს ეძებთ, ეს თქვენი პრობლემაა. მე ამაში არ ჩავერევი”.