ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეშფოთება გამოთქვა — მას მეკარე ჯორდან პიკფორდი მხნედ სჭირდება, ის კი მერსისაიდულ დერბიში ლივერპულელ ვირჯილ ვან დაიკთან დაჯახების შემდეგ შესაძლოა ცოტა შემკრთალია.

ნიკ პოუპი სამარქაფო მეკარეა

მოგეხსენებათ, იწყება სანაკრებო თამაშების პერიოდი. ინგლისელებს სამი შეხვედრა ელით, ირლანდიასთან, ბელგიასა და ისლანდიასთან. საუთგეიტი კი ამბობს, რომ პიკფორდი მისთვის ნომერ პირველია, რომლის სრულყოფილი შემცვლელიც ინგლისში ჯერჯერობით არ ჩანს.

მას მერე, რაც პიკფორდი ვან დაიკს ეძგერა და სერიოზულად დააშავა, საუთგეიტი გოლკიპერს ელაპარაკა. ამ ინციდენტის გამო „ევერტონის” მეკარეს ინტერნეტში ლანძღვა-გინების წაკითხვა მოუხდა და კარლო ანჩელოტიმ განმუხტვის მიზნით „ნიუკასლთან” (1:2) დაასვენა კიდეც. თუმცა, ხვალ, „მანჩესტერ იუნაიტედთან” პიკფორდი მოედანზე იქნება.

ინგლისის ნაკრები, „სანაკრებო ფანჯრის” პირველ თამაშს ხუთშაბათს, ირლანდიასთან გამართავს.

საუთგეიტი: „ჩვენ მერსისაიდული დერბის შემდეგ ვილაპარაკეთ. მინდოდა ჯორდანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შემემოწმებინა. მივხვდი, რომ ვან დაიკთან დაკავშირებული ეპიზოდი გამორჩეული იყო და მას ხალხის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა. მაინტერესებდა, როგორ უძლებდა ამ ყველაფერს პიკფორდი და რით შემეძლო დახმარება. ჯორდანისთვის მართლაც განსხვავებული ვითარება შეიქმნა. ის ძალიან არასასურველი ფორმით მოხვდა ყურადღების ცენტრში. თან, ამ ეპიზოდში მაღალი პროფილის ფეხბურთელი დაზარალდა. ცუდია, როდესაც ვან დაიკის დონის მოთამაშეს თვეების გამოტოვება უწევს.

მაგრამ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როდესაც ფეხბურთელის კარიერას ირჩევ, შეიძლება დაშავდე კიდეც. რაც მოხდა, უიღბლობა იყო. ჯორდანი ამას ახლა ვეღარაფერს უზამს. მე არ ვიცი დასჭირდა თუ არა პიკფორდს ფსიქოლოგიური დახმარება. მასთან კარლო მუშაობდა და ამაზე ის უფრო კარგად გიპასუხებთ. ალბათ, სწორად მოიქცა, როდესაც ჯორდანს „ნიუკასლთან” თამაში გამოატოვებინა. ერთი ნაღდად ვიცი, ფეხბურთში პრობლემის მოსაგვარებლად ანჩელოტიზე კომპეტენტური პიროვნება არ არსებობს”.

შემდეგ საუთგეიტმა თქვა, რომ პიკფორდი კვლავ მის მთავარ მეკარედ რჩება, მერე კი მოდიან „ბარნლის” კარის მცველი ნიკ პოუპი და „მანჩესტერ იუნაიტედის” დინ ჰენდერსონი.