სატრანსფერო დედლაინის ანუ ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვის ბოლო დღეს „პარი სენ ჟერმენმა” 27 წლის რაფინია ალკანტარა შეიძინა. არადა, როგორც ირკვევა, შეიხთა კლუბი სინამდვილეში მისი უფროსი ძმის, 29 წლის ტიაგო ალკანტარას შეძენით ყოფილა დაინტერესებული.

ამის შესახებ „ფრანს ფუტბოლთან” ინტერვიუში მათმა მამამ, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მაზინიომ ილაპარაკა.

„ფიორენტინაში”, „ვალენსიაში” და კიდევ მრავალ კლუბში ნათამაშევმა ბრაზილიელმა თქვა: „მე „პარი სენ ჟერმენის” სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან უკვე მოლაპარაკებული ვიყავი, მაგრამ ჩვენი შეთანხმება ტიაგოს ეხებოდა. ლეონარდოს პსჟ-თვის ტიაგო უნდოდა, ის კი უკვე „ლივერპულთან” გახლდათ გარიგებული.

შემდეგ, ჩვენ რაფაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მაგრამ იმხანად ლეონარდოს რაფას ყიდვა არ უნდოდა”.

შემდეგ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო — ტიაგო ალკანტარა „ბაიერნიდან” „ლივერპულში” გადაბარგდა. მერსისაიდელებმა მასში 22 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მაზინიო: „ვფიქრობ, ჩვენი საუბრის შემდეგ ლეონარდო დაფიქრდა და მიხვდა, რომ რაფას შეძენა მისთვის სასარგებლო იქნებოდა. და როდესაც ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დავილაპარაკეთ (ეს კი დედლაინის დღეს მოხდა), ლეონარდო ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე მზად იყო”.

რაფინია „ბარსელონას” საკუთრება გახლდათ, მაგრამ 2019-2020 წლებში „სელტაში” გამოდიოდა. „ბარსამ” ის „პარი სენ ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუთმო.

მაზინიომ განაგრძო: „ორივე კლუბის დასაყლოლიებლად გვარიანი მუშაობა დაგვჭირდა. ვშიშობდით, რომ აღარაფერი გამოგვივიდოდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე 5 თუ 6 საათით ადრე ყველაფერი მოვაგვარეთ. ლეონარდოს უნდოდა ტიაგო და მიიღო რაფინია. რაფასთვის კი ასეთ დიდი კლუბში გადასვლა ოცნების ახდენას ჰგავდა”.

რაფინიამ პარიზელთა შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა, ტიაგოს კი covid 19 შეეყარა და ჯერჯერობით „ლივერპულში” მხოლოდ ორჯერ მოახერხა თამაში.