„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა რაიან გიგზი დააკავეს. მიზეზი: მას ბრალად მეგობარი ქალის, კეიტ გრივილის ცემა ედება.

უელსის ნაკრების მწვრთნელის 1,7 მილიონ გირვანქად შეფასებულ სახლს პოლიცია კვირას საღამოს, 10 საათის შემდეგ მიუხდა, როდესაც მათთან, განყოფილებაში „შეწუხების თაობაზე ზარები შევიდა”. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ქალი ნაცემი იყო და 46 წლის გიგზი დაკითხეს.

დიდი მანჩესტერის პოლიციის პრეს-ატაშემ ასეთი განცხადება გაავრცელა: „პოლიციაში 10.05-ზე შემოვიდა ზარი, შეწუხების თაობაზე.

ადგილზე დაგვხვდა 30 წელს გადაცილებული ქალი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებდა.

დავაკავეთ 46 წლის კაცი. ის ეჭვმიტანილია 47-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, რაც შეურაცხოფის და ჩვეულებრივი შეურაცხყოფის  (სავარაუდოდ, ფიზიკური და სიტყვიერი) მიყენებას გულისხმობს”.

პოლიციამ „46 წლის მამაკაცი” თავდებით გაათავისუფლა.

გიგზი მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ ორშაბათს შუადღისას გაათავისუფლეს და შავი „მერსედესით” სადღაც წაიყვანეს.

როგორც ამბობენ, ბოლოხანს რაიან გიგზი ცხოვრობდა იმავე ქუჩაზე, სახლში, რომელიც მან დედამისს ლინი გიგზს 3,5 მილიონ გირვანქად უყიდა. ეს სახლი ახლა იყიდება.

გიგზი გახლავთ მანჩესტერის სასტუმროების „ფუტბოლისა” და „სტოკ ექსჩეინჯის” მეწილე. „სტოკ ექსჩეინჯს” ის ყოფილ თანაგუნდელ გარი ნევილთან ერთად ფლობს.

დაკავების დღეს, მან „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „არსენალის” თამაშს (0:1) უყურა , შემდეგ კი „სტოკ ექსჩეინჯში” წასულა.

გიგზმა კეიტ გრივილი 2013 წელს გაიცნო. 2017-დან ისინი ცილდებიან და რიგდებიან.