„ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კარლეს ტუსკეტსმა თქვა, რომ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები შობაა-ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ ჩატარდება. მოგეხსენებათ, კათოლიკურ სამყაროში შობა 25 დეკემბერსაა.
კანონის თანახმად, „ბარსამ” არჩევნები წინა პრეზიდენტის გადადგომიდან 40-დან 90 დღის ფარგლებში უნდა ჩაატაროს. ჯოზეპ მარია ბარტომეუმ კი თანამდებობა გასულ სამშაბათს, 27 ოქტომბერს დატოვა.
ტუსკეტსმა თქვა, რომ დროებითი საბჭო ორშაბათს შეიკრიბა და არჩევნები შობა-ახალი წლის ახლომახლოს დათქვა; რასაკვირველია, თუკი პროცესებს covid 19-ის პანდემია ხელს არ შეუშლის.
ტუსკეტსი: „ამ საკითხების გასარკვევად ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ შევხვედრივართ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ დეკემბრის ბოლომდე არჩევნების მოწყობა შეუძლებელი იქნება. ასე რომ, არჩევნებისთვის ყველაზე ლოგიკური იანვრის დასაწყისი ჩანს”.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ „ბარსელონა” ერთ ნაბიჯს არ გადადგამს კატალონიის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე.
თუკი ახალი პრეზიდენტი მოღვაწეობას იანვარში დაიწყებს, ის სატრანსფერო საქმიანობაში დაუყოვნებლივ, შუა სეზონიდანვე ჩაერთვება.