პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა.

მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის” ეს იყო პირველი გამარჯვება „ოლდ ტრეფორდზე” ბოლო 14 წლის განმავლობაში.

„მეთოფეებთან” მარცხის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის ცხრილში მე-15 ადგილზეა. კლუბის ირლანდიელმა ლეგენდამ, ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ყოფილ თანაგუნდელს, სულშერს წინასწარ მიატირა, ასეთ ფეხბურთელებთან მუშაობა თანამდებობად დაგიჯდებაო.

დავუბრუნდეთ პოგბას. მან თქვა: „ეს შეცდომა არ უნდა მომსვლოდა. უაზრო პენალტი ავიკიდე. სუნთქვა ამერია და სულელური შეცდომა იმიტომ დავუშვი. მეგონა ბურთს შევეხებოდი, მაგრამ შევცდი. ჩემს გამო პენალტი დაინიშნა და ეს თამაშის წაგებად დაგვიჯდა.

ხელებს ვწევ. ეს შეცდომა არ უნდა დამეშვა.

ვიცით, რომ ცუდად ვითამაშეთ. უკეთ გვმართებს და ეს პირველ რიგში მე მეხება.

ასეთი სულელური პენალტის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. გპირდებით, ჭკუას ვისწავლი.

როდესაც თავს ვიცავთ, საჯარიმო მოედანში თამაში ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაო”.

საოცარია, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ ოთხჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. „ოლდ ტრეფორდზე” ჩატარებულ წარუმატებელ შეხვედრებს შორის იყო 1:6 „ტოტენჰემ ჰოთსპურთან”.

სულშერმა, რომელიც ახლა კრიტიკის ქარცეცხლს უძლებს, თავიდან პოგბას შეუტია: „ეს იყო პენალტი, რომლის მსგავსი შენს კარში არ უნდა დაანიშნინო და პოლმა ეს ძალიან კარგად იცის.

პირველ ტაიმში არაფრად ვვარგოდით.

მას მერე, რაც ტრიბუნებზე მაყურებელი აღარ ზის, შინ თამაშობ თუ სტუმრად, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა ყველა გუნდმა თავად უნდა შექმნას თავისი ატმოსფერო. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ; ვერ შევქმენით ჩვენთვის საჭირო ინტენსივობა და ტემპი”.

კინი: „ამ ფეხბურთელების გამო ოლე სამსახურს დაკარგავს. ეს ისეთივე აშკარაა, როგორც ის, რომ ღამეს დღე მოჰყვება”.