ინგლისში ხუმრობენ, გარეთ ბეილი სუპერვარსკვლავიდან სუპერსათადარიგოდ იქცაო.

ორიოდ კვირის წინ, როდესაც უელსელი „რეალიდან” „სფურზში” დაბრუნების შემდეგ პირველად შევიდა მოედანზე, ასეთი რამ არავის უთქვამს. იმ დღეს ეფექტური დაბრუნების ოცნება კოშმარად იქცა: „ტოტენჰემი” „ვესტ ჰემს” 3:0-ს უგებდა და თამაში 3:3 დასრულდა.

„ბრაიტონთან” შეხვედრაში კი ბეილი მოედანზე 70-ე წუთზე, ერიკ ლამელას ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში იყო 1:1 და 3 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ეს გახლდათ გოლი, რომელსაც ინგლისურმა პრესამ made in Madrid ანუ მადრიდში დამზადებული შეარქვა — ფლანგიდან ბურთი სერხიო რეგუილონმა ჩააწოდა, ბეილმა კი თავურით შეაგდო.

სერხიო რეგუილონი „ტოტენჰემმა” „რეალისგან” 27,5 მილიონ გირვანქად შეიძინა.

ეს გახლდათ ბეილის პირველი შედეგიანი დარტყმა „სფურზის” შემადგენლობაში 2012-13 წლების სეზონში, „სანდერლენდის” კარში გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ.