No description available.საფეხბურთო საშუამავლო კომპანია „Bene Sport Management“ 2020 წლის 1 ივნისს დაფუძნდა და მას შემდეგ 30 ფეხბურთელთან და 5 მწვრთნელთან გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება. კომპანია ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს, ყოველდღიურად ვითარდება და აქცენტს ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებთან თანამშრომლობაზე აკეთებს. კომპანიის მენეჯმენტის მიზანი საინტერესო მოთამაშეებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა და საზღვარგარეთ არსებული მძლავრი კონტაქტების გამოყენებით, მათი ევროპულ კლუბებში ტრანსფერია. თუმცა, მანამდე, „ბენე სპორტმა“ და კომპანიასთან დაკავშირებულმა ფეხბურთელმა ერთობლივად ბევრი უნდა იმუშავონ, მოთამაშემ ეტაპობრივად დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომელიც დღეს ევროპულ ბაზარზეა და შემდეგ მოხდეს ტრანსფერის განხორციელება. ასეთია კომპანიის მენეჯმენტის მიდგომა საქმისადმი, რომელიც ხუთი თვის წინ დაიწყეს და რომელიც უკვე 50-მდე ადამიანს აერთიანებს. კომპანიის მიზნების და გეგმების შესახებ „ბენე სპორტის“ დირექტორი, ირაკლი ლილუაშვილი გვესაუბრა.

– კომპანია 5 თვის წინ დავაფუძნეთ და უკვე მოვიპოვეთ ნდობა საფეხბურთო საზოგადოებაში. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ 30 ფეხბურთელთან და 5 მწვრთნელთან. ნელ-ნელა იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთანაც ხელშეკრულებას ვაფორმებთ, თუმცა აქედანვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არ გახლავთ რაოდენობის სწრაფად გაზრდა, პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ აქცენტს ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ, რომელთა დიდ ნაწილს ფეხბურთის გულშემატკივარი ჯერ კიდევ არ იცნობს, მაგრამ ჩვენ გვჯერა მათი შესაძლებლობების და დარწმუნებული ვართ ამ ბიჭებს უახლოეს დროში ყველა გაიცნობს. აქვე ვაზუსტებ – ის რომ კომპანია აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს, არ ნიშნავს იმას რომ უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებთან არ ვითანამშრომლებთ.

– როდის მოხვედით ამ სფეროში და ზოგადად როდის გადაწყვიტეთ, რომ საშუამავლო კომპანია დაგეფუძნებინათ?

– საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე ვიცოდი, რომ ამ საქმეს დავიწყებდი. გადაწყვეტილებამდე საკუთარმა, არც თუ სასიამოვნო გამოცდილებამ მიმიყვანა, როდესაც საფეხბურთო აგენტის შეცდომის გამო არასასურველი კონტრაქტი გავაფორმე და ამან ჩემს საფეხბურთო კარიერას დიდი დაღი დაასვა. კარიერის დასრულების შემდეგ, ზუსტად ვიცოდი რისი გაკეთება მინდოდა – საშუამავლო კომპანიის დაფუძნება, რომელიც კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევდა მოთამაშეებს და წარმატების მოპოვებაში დაეხმარებოდა.

– კომპანიის დაფუძნების შემდეგ რა სირთულეებს წააწყდით. სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც არსებობს ასეთი სტერეოტიპი – ფეხბურთელი ნიჭიერი იყო, მაგრამ აგენტმა დაღუპა. ამაზე რას გვეტყვით?

– ბოლომდე ობიექტური თუ ვიქნები აგენტების ნაწილის მიმართ ეს დამოკიდებულება უსაფუძვლო სულაც არ გახლავთ. გული მწყდება ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც აგენტის სულსწრაფობამ და სიხარბემ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე არასწორ გზაზე დააყენა და ეს არასასიამოვნო დამოკიდებულებაც აქედან მოდის. ჩემდა სამწუხაროდ, სირთულეებს შევხვდით კლუბებთან ურთიერთობის დროსაც, რაც ვფიქრობ არცერთი მხარისთვის არ გახლავთ მომგებიანი. მოთამაშეს სჭირდება კვალიფიციური საშუამავლო მომსახურება, რაც საბოლოო ჯამში სარგებელს მისცემს სამივე მხარეს – ფეხბურთელს, გუნდს და სააგენტოს. ეს უნდა გაითავისონ ზოგიერთი ქართული კლუბის მესვეურებმა და ფეხბურთელთან მუშაობის საშუალება მოგვცენ, მერწმუნეთ ამით არავინ იზარალებს, პირიქით.

No description available.– თქვით, რომ აგენტების ნაწილი მოთამაშის ევროპაში წაყვანას ჩქარობს. თქვენ როგორ აპირებთ მუშაობას, ამ მიმართულებით?

– ჩვენი დამოკიდებულება მოთამაშეთა მიმართ აბსოლუტურად განსხვავებულია, არ გვინდა რომელიმე მოთამაშე დავაჩქაროთ და ევროპაში მოუმზადებელი გავუშვათ. მოთამაშის შესაძლებლობებიდან გამომდინარე თავიდანვე განვსაზღვრავთ იმ გზას, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს და ტრანსფერსაც ამის მიხედვით გავაკეთებთ. მერწმუნეთ, ამ საქმეს აჩქარება არ უყვარს, არაერთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ევროპაში მოუმზადებელი წაიყვანეს და კარიერის დასრულება ნაადრევ ეტაპზე მოუხდა, ან შესაძლებლობების გამოვლენა სანახევროდაც ვერ შეძლო. გარდა ამის, როდესაც მოთამაშეს სხვა ქვეყანაში წავიყვანთ მას ტრანსფერის შემდეგაც ბოლომდე გვერდით დავუდგებით – ენის სწავლა, ადაპტაცია უცხო გარემოსთან, კონტაქტების დამყარება და ნებისმიერი ის სირთულე, რომელიც ასეთ დროს მოთამაშეს შეხვდება, ჩვენი მხარდაჭერით დაიძლევა.

– ერთია ფეხბურთელის მომზადება და მეორე კარგი კონტაქტები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, წარმატებული ტრანსფერის განსახორციელებლად გადამწყვეტ როლს თამაშობს. რა შეგვიძლია გვითხრათ ამ თვალსაზრისით, რამდენად ძლიერია თქვენი კავშირები ევროპაში?

– იცით რომ ჩვენი დამფუძნებელი ლევან ცქიტიშვილია, რომელსაც ბუნდესლიგაში წარმატებული კარიერა ჰქონდა, მისი თანაგუნდელები კი ევროპის მასშტაბით არაერთ გუნდში მუშაობენ. გარდა ამისა, ჩემი კავშირები მაქვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – სლოვაკეთი და უკრაინა სადაც ვთამაშობდი ასევე ავსტრია და ჩეხეთი. განვითარებას და გაფართოებას ამ კუთხითაც სერიოზულად ვაპირებთ.