შაბათს, ესპანეთში, ჰელოუინის დღესასწაული covid 19-ის პანდემიის გამო გაუქმებული ჰქონდათ და როგორც „სპორტი” წერს, კატალონიაში რონალდ კუმანის „ბარსელონამ” ხალხს ზეიმისა სიხარულის სხვა საშუალებაც მოუსპო.

გაზეთის აზრით, „ალავესისა” და „ბარსას” შეხვედრას მრავალნაირად შეიძლება შეხედოს გულშემატკივარმა, მაგრამ დასკვნა ყველა ვარიანტში ერთია: ამ დღეს „ბარსამ” ვერ ივარგა.

„ბარსელონა” ცუდად თამაშობდა როგორც 62-ე წუთამდე ანუ სანამ „ალავესს” მეორე ყვითლის გამო ჯოტას გაუგდებდნენ და მერეც, როდესაც მოედანზე რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა.

„ბარსამ” ვერ აჯობა მეტოქის შესანიშნავად მოთამაშე მეკარე ფერნანდო პაჩეკოს და 6 თამაშის შემდეგ მე-12 ადგილზეა. „რეალი” „ბარსას” 8 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. იმ 10 ქულიდან, რომელიც რონალდ კუმანის გუნდს შეეძლო მოეპოვებინა, მან ხმოლოდ 2 მოიპოვა, რაც ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის კარგი ნამდვილად არ არის.

რაც უფრო უახლოვდებოდა დასასრულს „ალავესისა” და „ბარსას” შეხვედრა, მით უფრო იღუშებოდა კუმანი სათადარიგოთა სკამზე.

„ბარსასთვის” უსიამოვნო იყო ისეთი გოლიც, რომელიც მათ კარში 31-ე წუთზე რიოხამ გაიტანა. ეს გახლდათ ვეტერანი ჟერარდ პიკესა და მეკარე ნეტოს შეუთანხმებლობის, დაუკვირვებლობის და ტექნიკური წუნის ბრალი. მის აღწერას სჯობს ქვემოთ ვიდეო ნახოთ.

თუმცა, საგოლე მომენტები „ბარსელონას”, რასაკვირველია, ჰქონდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გამოიყენა — ანტუან გრიზმანმა 63-ე წუთზე შეაგდო.

შეხვედრის დასაწყისში ანსუ ფატიმ დაბადების დღეზე საკუთარი თავისთვის საჩუქრის მიძღვნა ვერ მოახერხა, გოლი ვერ გაიტანა, თუმცა შემდეგ, მთელი თამაშის განმავლობაში იჩხვლიტებოდა.

მატჩის შემდეგ რონალდ კუმანმა თქვა: „პირველი ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი და ამიტომაც შევცვალე სამი ფეხბურთელი. ჩვენ დღეს საქმისადმი დამოკიდებულების ან კონცენტრაციის გამო კი არ დავკარგეთ ორი ქულა, არამედ იმიტომ, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. იგივე პრობლემა გვქონდა „იუვენტუსთანაც”. როდესაც ამდენ საგოლე მომენტს ქმნი და მხოლოდ ერთი გოლი გაგაქვს, ეს ცუდი შედეგია”.