ედენ აზარს სასტარტო შემადგენლობაში 7 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის წინა, გაჯანჯლებული გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობდა. „რეალი” „მანჩესტერ სიტის” ხვდებოდა.

რაც შეეხება აზარის ბოლო გოლს, მას მერე 392 დღე იყო გასული და აი, შაბათს, „უესკასთან” შეხვედრაში აზარი მოედანს, უფრო სწორად „რეალის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და… გაიტანა. ანგარიში გახსნა.

ეს გახლდათ შესანიშნავი გოლი, რომელსაც ქვემოთ, ვიდეოში გთავაზობთ. მხოლოდ ერთს დავძენთ, რომ ხსენებული გოლი დინამიკაში კიდევ უფრო ეფექტური გახლდათ.

„რეალმა” „უესკას” 4:1 მოუგო. მადრიდელთაგან ორი გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა, ერთი, როგორც მოგახსენეთ აზარმა და ერთიც ფედე ვალვერდემ.

აღსანიშნავია, რომ აზარმა გოლი არ აღნიშნა. სახეზეც კი სერიოზული გამომეტყველება შეინარჩუნა.

ბელგიელის კარიერა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ტრავმებმა დაამუხრუჭა. პირველი სეზონი ფაქტობრივად ჩაუვარდა, საექიმო კაბინეტებში გაატარა.

ესპანური პრესა წერს, რომ ზინედინ ზიდანი ფრთხილად უნდა იყოს და 29 წლის თავდამსხმელი პირდაპირ ქარ-ცეცხლში არ უნდა შეაგდოს.