14 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მექაში, ლონდონის სახელოვან „თვიქნემზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩაებმება – შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში.

ერთი კვირის წინ შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს კლუბებში მოთამაშე და უკლუბოდ მყოფი ბორჯღალოსნები, ედინბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო ლეგიონერებმა თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს.

No description available.ვინაიდან 1 ნოემბერს გასამართი, რუსეთის ნაკრებთან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩი კვლავ გადაიდო, ქართული გუნდი კვლავ სათამაშო პრაქტიკის გარეშე რჩებოდა, ამდენად, ლევან მაისაშვილმა და მისმა შტაბმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს: 1 და 2 ნოემბერს, დიდი 12-ის სამ გადადებულ მატჩში ითამაშებენ ქუთაისის „აიასა“ და თბილისის „ლელო-სარასენსის“  ბორჯღალოსანი წევრები, ასეთები კი არცთუ ცოტანი ყოფილან – ჯამში შვიდნი. ხოლო ერთი კვირის შემდეგ, როცა სრული ტური გაიმართება, მასში სხვა გუნდების ბორჯღალოსნებიც მიიღებენ მონაიწილეობას. ესეც სათამაშო პრაქტიკა, რომლის სრულ არარსებობაზე სამართლიანად აპელირებდა მაისაშვილი „მარიფილდზე“ 7:48 განადგურებუს შემდეგ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათ უმრავლესობას თავის ფრანგულ კლუბებში მიეცემათ ტონუსის შენარჩუნების შესაძლებლობა.

ამასაობაში, ლევან მაისაშვილმა საბოლოო გადაწყვერილება მიიღო და ბრიტანეთსა და ირლანდიაში სათამაშოდ წამსვლელთა 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა გაასაჯაროვა.

რაც არის, ესაა. ამ ბიჭებზე უკეთესი დღევანდელ ქართულ რაგბს არც ჰყავს. ერთს დავამატებ: მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ვერ ვიხილავთ ლევან ჩილაჩავას, რომელსაც სეზონის წინ ტრავმა გაუმიზეზდა, თუმცა შესაძლოა ლევანმა რეაბილიტაცია და მწყობრში ჩადგომა ტურნირის მიწურულს მოასწროს და გუნდს შეეშველოს. მით უფრო, რომ მაისაშვილმა თავადაც თქვა, ტურნირის მსვლელობისას ამ შემადგენლობაში ცვლილებები სულაც არაა გამორიცხულიო.

გარდა ამისა, „თვიქნემზე“ კოტე მიქაუტაძე ვერ ითამაშებს, არადა ეს კაცი მეორე ხაზის ლიდერია და მისი არყოფნა ყველაზე შესამჩნები იყო ედინბურგული მატჩის მსვლელობისას.

საქმე ის არის, რომ კოტემ სულ ახლახან მოირჩინა აქილევსის მყესის მძიმე დაზიანება და სულ ახლახან ტოპ 14-ის „ბაიონთან“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით 3-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამ კლუბს ისე უჭირს, რომ მიქაუტაძის პოზიციაზე სხვა მორაგბე უბრალოდ სასეზონო განაცხადში აღარ დარჩა. რას იზამ, ასეა და მიქაუტაძის არყოფნაში ნოდარ ჭეიშვილისა და ახალგაზრდების ამარა ვრჩებით…

სხვა მხრივ, ეს 35-ეული დღევანდელი ქართული რაგბის სახეა. მეტად პერსპექტიული, მაგრამ ჯერაც შეუთამაშებელი და ახალი გუნდის სტატუსის მატარებელი. ყოველ შემთხვევაში, ლევან მაისაშვილი დარწმუნებულია და ეს არაერთხელ უთქვამს კიდეც, რომ ყოველ მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრები ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს.

ესეც შემადგენლობა:

No description available.

შერკინება

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი (1), შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (2 კეპი), კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი);

ხაზი

9: ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;

10: თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 104 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა);

11-14: აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), სანდრო თოდუა (86 კეპი, 70 ქულა), თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;

15: სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.