„ანტვერპენთან” 0:1 წაგების შემდეგ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ შესვენებაზე „ტოტენჰემის” ყველა ფეხბურთელის შეცვლა უნდოდა. განრისხებულმა პორტუგალიელმა, ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ დღეს, დილის 11 საათზე, ბაზაზე დაიბარა მთელი გუნდი.

მართალია, მოურინიუს პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდის შეცვლა უნდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ ოთხი ცვლილებით დაკმაყოფილდა. გამოცვლილთა შორის იყო გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი დელე ალი.

შესვენებისას „სფურზი” უკვე 0:1-ს აგებდა. გოლი, რომლის მეტიც ამ შეხვედრაში აღარ გავიდა, 29-ე წუთზე ებრაელმა ნახევარმცველმა ლიორ რაფაელოვმა გაიტანა. მას ხელი ლონდონელთა უელსელი მცველის ბენ დევისის შეცდომამ შეუწყო.

ზოგადად კი, ევროლიგის მატჩისთვის, ჟოზეს შემადგენლობა 9 კაცით ჰყავდა გადახალისებული.

„შესვენებისას ოთხი ფეხბურთელი შევცვალე. სიამოვნებით შევცვლიდი თერთმეტივეს. მეხუთე ცვლილებისგან თავი იმიტომ შევიკავე, რომ წინ მთელი 45 წუთი იყო და შემეშინდა.

დამნაშავე კი მხოლოდ ერთი კაცია — ეს შემადგენლობა მე შევარჩიე.

პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ და გპირდებით, მომავალში არჩევანს იოლად გავაკეთებ. ყოველი მატჩის წინ თქვენ მეკითხებით ხოლმე, რატომ არ თამაშობს ესა თუ ის ფეხბურთელი. ახლა ხომ ნახეთ, რატომაც არ თამაშობენ? იმედია, ამ შეკითხვისგან რამდენიმე კვირით დავისვენებ”.

გარეთ ბეილმა მოედანზე 58 წუთი დაჰყო. ის ჰარი კეინმა შეცვალა, მაგრამ ვერც კეინმა და ვერც სონმა ვერ დაატყვეს ხელი „ტოტენჰემის” თამაშს. ახლა, ევროლიგის J ჯგუფში 6 ქულით „ანტვერპენი” ლიდერობს. „სფურზს” 3 ქულით ნაკლები აქვს.

მოურინიუმ დასძინა: „ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, მეტოქე კი შევაქოთ. საძაგლად ვითამაშეთ, მაშინ, როდესაც „ანტვერპენმა” ჩინებულად ითამაშა. მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს”.

1 ნოემბერს „სფურზი” პრემიერლიგაში მასპინძლობს „ბრაიტონს”. მოურინიუმ თავის ინსტაგრამზე დაწერა: „ბრაიტონი” „ანტვერპენზე” გაცილებით ძლიერი გუნდია. მასთან უფრო რთული მატჩი გველის”.