„ბარსელონამ” პოსტ-ბარტომეუს ეპოქა ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში „იუვენტუსთან” ისტორიული გამარჯვებით დაიწყო: კატალონიის დედაქალაქის გუნდს ტურინში აქამდე არასდროს მოუგია. „ბარსამ” იძალა 2:0. პირველი გოლი ოსმან დემბელემ შეაგდო, მეორე კი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. მესიმ ბოლო მატჩებთან შედარებით შესანიშნავად ითამაშა — ეტყობა, ჟოზეპ მარია ბარტომეუს თანამდებობიდან წასვლით იყო ფრთაშეხმული.
ამრიგად, მართალია, ლა ლიგაში „ბლაუგრანას” ერთი-ორჯერ ფეხი დაუცდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ასპროცენტიანი შედეგით მიდის — ორი თამაშიდან ორი მოიგო.
კატალონიური გუნდის შემადგენლობაში რონალდ კუმანმა ცვლილებები შეიტანა. ძირითადში დაბრუნდა ანტუან გრიზმანი; სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ სერჯინიო დესტი და სერხიო ბუსკეტსი, რომელთა ადგილი სერხი რობერტომ და მირალემ პიანიჩმა დაიკავეს. წინა ტურში, „ფერენცვაროშთან” მიღებული წითელი ბარათის გამო ვერ ითამაშა ჟერარდ პიკემ, რომლის მაგივრად მოედანზე ახალგაზრდა ურუგვაელი რონალდ არუახო ვიხილეთ.
„იუვენტუსის” თავკაც ანდრეა პირლოს კი კოვიდინფიცირებული კრიშტიანუ რონალდუ აკლდა. პორტუგალიელის არყოფნამ პირლოს გარდა სეირის მოსურნე გულშემატკივარსაც დასწყვიტა გული, რადგან მისი ავადმყოფობის გამო რონალდუსა და მესის მონატრებული დუელი არ შედგა.
„ბარსამ” თავიდანვე შეუტია „ბებერ ქალბატონს”. ეს ჯერ მესის და შემდეგ პიანიჩის დარტყმებით დაიწყო. მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ გამოიჩინა თავი. ამას ანტუან გრიზმანის ძლიერი დარტყმა მოჰყვა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა. ტურინელები ცდილობდნენ მაღალი პრესინგის მეშვეობით შეეზღუდათ სტუმრები, მაგრამ როდესაც „ბარსელონა” მასპინძელთა წინააღმდეგობას თავს აღწევდა და მეტოქის საჯარიმოს უახლოვდებოდა, ხიფათიც ხშირად იქმნებოდა.
მე-14 წუთზე მესიმ ფრთიდან ფრთაზე ჩინებულად დაინახა დემბელე, რომელმაც ბურთი ლაზათიანად დაამუშავა, ცოტა რიკოშეტიც წაეშველა და ანგარიში გაიხსნა.
„იუვეს” რასაკვირველია, ხელები არ ჩამოუყრია. მასპინძლები თავის წილად უტევდნენ მეტოქეს და ალვარო მორატამ სამჯერ(!) შეაგდო კიდეც ბურთი „ბარსელონას” ბადეში, მაგრამ VAR-მა სამივეჯერ გაუუქმა გოლი. განსაკუთრებით თავისებური მესამე ეპიზოდი გახლდათ. აქ, მსაჯმა გოლი ჩათვალა, მაგრამ… ქვემოთ დართულ ვიდეოში ნახავთ, რომ ოფსაიდების ნაირსახეობა მართლაც მრავალგვარია.
„ბარსელონას” მხრივ გოლების გატანა შეეძლოთ გრიზმანსა და დემბელეს.
85-ე წუთზე კი „იუვენტუსის” თურქმა ფეხბურთელმა მერიჰ დემირალმა დაუდევრობით მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 90-ზე, დემბელეს ნაცვლად შესულმა ანსუ ფატიმ კატალონიელებს პენალტი მოუნადირა. მესიმ თამაშს წერტილი დაუსვა.