ანდრეა პირლო ამბობს, რომ „ვერონასთან” შინ 1:1-ის შემდეგ „იუვენტუსს” შემოლაწუნება არ სჭირდება. არადა, ფაქტია, რომ ახალ სეზონში „ბებერმა ქალბატონმა” მხოლოდ ერთი თამაში მოიგო — პირველ ტურში, „სამპდორიასთან” 3:0. შემდეგ, ტურინელებმა ფრედ ითამაშეს „რომასთან”, „კროტონესა” და „ვერონასთან”, ხოლო „ნაპოლისთან” 3:0 თამაშის გარეშე ჩაეთვალათ. მიზეზი: ნეაპოლელები არ გამოცხადდნენ, ორი ფეხბურთელის კორონავირუსით დაავადების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვის ორგანომ შინ დარჩენა გვირჩიაო.
„ვერონასთან” შეხვედრა პირლომ „სქაი იტალიასთან” საუბარში ასე შეაფასა:
„პირველ ტაიმში აგრესულობა გვაკლდა. მეტოქეს ბევრის ნებას ვაძლევდით, თუმცა, ამის მიუხედავად, უკეთესი მომენტები მაინც ჩვენ შევქმენით.
ანგარიში „ვერონამ” გახსნა, მაგრამ ჩვენ ამ ჩამორჩენაზე სწორი რეაქცია გვქონდა. „იუვენტუსს” არ სჭირდება სახეში შემოლაწუნება, რათა გამოფხიზლდეს და მაღალი ინტენსივობით ითამაშოს.
ისეთ გუნდებთან დაპირისპირება, როგორებიც არიან „ვერონა” და „ატალანტა” ძნელია, რადგან ისინი მთელს მოედანზე ერთი ერთზე გეთამაშებიან და უამრავ დუელს გიწყობენ. ჩვენ შევეცადეთ მათი მაღალი პრესინგისთვის თავი აგვერიდებინა და ეს მეორე ტაიმში უკეთ გამოგვივიდა. და მაინც, „ვერონასთან” უკეთ უნდა გვეთამაშა.
არტური მთელი 90 წუთის განმავლობაში კარგად აკონტროლებდა ბურთს, მაგრამ მას, ისევე როგორც სხვებს, კიდევ უფრო კარგად შეუძლია თამაში.
ვიცოდით, რომ „ვერონასთან” უფრო გაგვიჭირდებოდა, ვიდრე კიევში, რადგან „ვერონას” ეს ინტენსიურობა ახასიათებს. საამისოდ საგანგებოდ ვემზადებოდით, ვამუშავებდით პერსონალური მეურვეობიდან თავის დაძვრენის ვარიანტებს”.