„ბარსელონა” „რეალთან” ელ კლასიკოში შინ 1:3 დამარცხდა და წაგება მსაჯს დააბრალა, მსაჯი კი გახლდათ ხუან მარტინეს მუნუერა, რომლის შესახებ კატალონიელებმა ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. თურმე საქმე იმაზე რთულად ყოფილა, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. „ბლაუგრანას” ხუან მარტინეს მუნუერასთან ძველი ანგარიშებიც ჰქონია. ბარსელონაში ამბობენ, რომ ბენიდორმელმა (პატარა ქალაქია ალიკანტეს პროვინციაში) რეფერიმ მათ შარშან თასზეც ცუდად უმსაჯა და სუპერთასზეც.

კატალონიელები ამბობენ, რომ მუნუერა ეპიზოდების VAR-ზე გადამოწმების დროს მათ მიმართ სხვა სტანდარტს იყენებს, მეტოქეების მიმართ კი სხვას. ან, შესაძლოა მათ მიმართ სულაც მარტივი დამოკიდებულება აქვს — ეკრანთან ფორმალურად მიდის, თავად კი წინასწარვე იცის, რომ ყველა ვარიანტში მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ზემოთ ესპანეთის სუპერთასი ვახსენეთ. „ბარსელონას” მუნუერასადმი პირველი პრეტენზია ამ შეჯიბრების ნახევარფინალში გაუჩნდა. იმ დღეს მათი მეტოქე „ატლეტიკო” იყო. ალიკანტელმა არბიტრმა ლეო მესის გოლი არ ჩაუთვალა და მიზეზად ხელით თამაში მოიდო. მუნუერამ გადაწყვეტილება მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიღო. „ატლეტიკომ” 3:2 მოიგო.

შემდეგ იყო „სამეფო თასის” მეოთხედფინალი და შეხვედრა „ბილბაოსთან”. კატალონიელების აზრით ამ თამაშში მუნუერამ ბასკების კარში აშკარა პენალტი არ დანიშნა. ისინი ამბობენ, რომ 63-ე წუთზე ანდერ კაპამ ფრენკი დე იონგი წააქცია, რაც მსაჯმა პენალტად არ ჩათვალა. თამაშის მიწურულს სერხიო ბუსკეტსმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და შემდეგ ეტაპზე „ბილბაო” გავიდა.

შემდეგ, კატალონიელებმა გადაამოწმეს „რეალის” ის შეხვედრები, რომელთაც მუნუერა სჯიდა და აღმოაჩინეს, რომ მსაჯმა მადრიდელებისა და სევილიელების თამაშში ლუკ დე იონგის გოლი არ ჩათვალა, რის შედეგადაც მადრიდმა 2:1 მოიგო; რაც შეეხება „რეალის” შეხვედრას თანაქალაქელ „ხეტაფესთან”, იქ, კატალონიელების აზრით ერთმანეთის მსგავს სიტუაციებში „ხეტაფეს” კარში პენალტი დაინიშნა, „თეთრების” კარში კი არა.

რაც შეეხება ამ უქმეებზე გამართულ ელ კლასიკოს. აქ, ბარსელონელებს სწამთ, რომ მათ კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, ხოლო კაზემირო, მესის წაქცევისთვის სწორედაც, რომ პენალტით უნდა დაესაჯათ.

და ბოლოს, კატალონიელებმა გამოიკვლიეს, რომ ხუან მარტინეს მუნუერა არის ასევე მსაჯის, მიგელის ძმა და ვაჟი ხუან რამონ მარტინეს მარტინესისა, რომელიც გარდა იმისა, რომ ადრე მსაჯობდა, ბენიდორმში სპორტის მრჩეველი იყო. კაცმა რომ თქვას, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა თანაქალაქელები ხუანს ზურგსუკან თურმე „ მადრიდელი ულტრასის ვაჟს” ეძახიან.