ეს იყო „რეალის” ზედიზედ მეორე გამარჯვება „ელ კლასიკოში”. მადრიდელებმა ბარსელონელებს მათსავე, ოღონდ უმაყურებლო მოედანზე მოუგეს 3:1. მეორე გოლი (როდესაც ანგარიში იყო 1:1) „თეთრებმა” პენალტით გაიტანეს. ხალხის ნაწილის აზრით პენალტი საეჭვო იყო, თუმცა იმის უარყოფა, რომ კლემენტ ლენგლე სერხიო რამოსს მაისურზე ქაჩავდა, ძნელია. მაშ, რატომ არ იყო პენალტი? ვინ იცის, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ რამოსმა გააფორმა. ის თეატრალურად წაიქცა, თან, სავარაუდოდ მას მერე, რაც ლენგლემ მის მაისურს ხელი გაუშვა და ამან გულშემატკივარი გააღიზიანა. მეორე მხრივ კი, რამოსი რომ არ წაქცეულიო, ეპიზოდს ყურადღებას არავინ მიაქცევდა. მოკლედ, რამოსმა ხაზგასმული წაქცევით მსაჯის ყურადღება და მომენტის VAR-ზე გადამოწმება მოიპოვა, იქ კი გამოჩნდა, რომ ლენგლე მას მაისურზე მართლა ქაჩავდა. რაც შეეხება იმას, რომ საჯარიმოში მაისურზე ყველა ყველას და ყოველთვის ქაჩავს… ეს, ავტომობილით ღერძულა ხაზის გადაკვეთასავით არის, ბევრი კვეთს, უმეტესობას ვერ აჯარიმებენ, მაგრამ ამის გამო დარღვევათა სიიდან არ ამოუღიათ.
და მაინც, დავწეროთ რომ პენალტი საეჭვო იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რამოსი ცოტა გვიან წაიქცა და ცოტა არაბუნებრივი მოძრაობაც გამოუვიდა. ფაქტია, რომ პენალტი დაინიშნა და დარტყმა თავად „რეალის” კაპიტანმა შეასრულა. ასე გახდა ანგარიში 2:1 სტუმრების სასარგებლოდ, რამაც როგორც ჩანს „ბარსელონაზე” ცუდად იმოქმედა. covid 19-ის ეპიდემია რომ არა, „კამპ ნოუ” სავსე იქნებოდა, იგუგუნებდა და ვინ იცის „ბლაუგრანას” შეხვედრა სხვანაირადაც გაეგრძელებინა, მაგრამ რაც მოხდა მოხდა.
ზოგადად კი, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის 24 ოქტომბრის „ელ კლასიკო” ადრინდელებისგან განსხვავდებოდა, რადგან ორივე გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა და არც ბურთის ართმევაზე ჰქონდათ გამართული ტრადიციული წეწვა-გლეჯა. არადა, თანამედროვე ფეხბურთის ლოგიკა მარტივია: გოლი რომ გაიტანო, ბურთი შენ უნდა გქონდეს, ამისთვის კი ის მეტოქეს უნდა წაართვა. ბოლოს და ბოლოს ეგრეთწოდებული მაღალი პრესინგი 2007 წლიდან მოყოლებული „ბარსას” ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო და თუნდაც დღევანდელი ევროპის უძლიერესი გუნდი „ბაიერნიც” ამ ტაქტიკურ ხერხს იყენებს ჩინებულად. ერთი სიტყვით, გუშინდელი „ელ კლასიკო” დაცვითი თამაშის დროს რაღაცნაირი რბილი და დამნდობი იყო, თუმცა გუნდების შეტევა ლამაზი სანახავი გახლდათ. აბა, რა იქნებოდა, ერთმანეთის პირისპირ ხომ „ბარსელონა” და „რეალი” იდგნენ.
და მოედანზე იყო წლევანდელი აღმოჩენა, ბარსელონელი ანსუ ფატი, რომლის თამაშიც შეუძლებელია ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივარს სიამოვნებას არ ჰგვრიდეს. 2020 წლის 24 ოქტობმერს ანსუ გახდა „ელ კლასიკოების” ისტორიაში გატანილ გოლთა ყველაზე ახალგაზრდა ავტორი. მე-8 წუთზე მან ფადე ვალვერდეს მიერ მე-5 წუთზე გატანილი გოლი გაქვითა. ამ მომენტისთვის ფატი იყო 17 წლისა და 359 დღის!
მოედანზე მყოფთა შორის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ კი ამ დღეს გულშემატკივარი ვერ გაახარა. ვერ გეტყვით ეს ვინმესთვის რამეს ნიშნავს თუ არა, მაგრამ სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ბოლოს არგენტინელმა „ელ კლასიკოში” გოლი 902 დღის წინ გაიტანა.
აქვე უნდა დავძინოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა „რეალსაც” შეეძლო და „ბარსელონასაც”. იყო ეპიზოდები, როდესაც გუნდები პენალტებს ითხოვდნენ. შესანიშნავად ითამაშა ორივე მეკარემ, „რეალის” ტიბო კურტუამ და „ბარსას” ნეტომ, რომელმაც ერთ ეპიზოდში ტონი კროოსს ზედიზედ ორი დარტყმა აუღო. ბადეში კი უკვე ნახსენებთა გარდა მხოლოდ ერთი გოლი შევარდა — 90-ე წუთზე „ბარსას” საჯარიმოში ლუკა მოდრიჩმა ცრუმოძრაობების მასტერკლასი ჩაატარა და თამაშს წერტილი დაუსვა.
მატჩის შემდეგ, „რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თქვა: „ორჯერ კურტუამ გადაგვარჩინა, მაგრამ ოთხჯერ თავადაც შეგვეძლო გოლის გატანა. ბედნიერი ვარ „კამპ ნოუზე” სამი ქულა რომ მოვიპოვეთ. ჩვენ ბარსელონაში იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვინმეს ხმა ჩავაგდებინოთ. ჩვენ ჩვენი საქმის გასაკეთებლად ჩამოვედით. გვწამს, რომ ძლიერად თამაში შეგვიძლია”.
„ბარსელონას” მწვრთნელი რონალდ კუმანი: „კარგად ვითამაშეთ, მომენტებიც შევქმენით. წაგებას არ ვიმსახურებდით. თამაშის ბედი დიდად გადაწყვიტა პენალტმა. ამ ეპიზოდამდე კარგად მივდიოდით. ვფიქრობ VAR-ი ყოველთვის „ბარსელონას” წინააღმდეგია. საჯარიმოში ძიძგილაობა ხომ ყოველთვის ხდება.
ამ სეზონში უკვე ხუთი თამაში ჩავატარეთ და VAR-ს ჩვენს სასარგებლოდ ერთი გადაწყვეტილებაც არ მიუღია. იქნებ ვინმემ ამიხსნას, როგორ მუშაობს VAR-ი ესპანეთში?
პენალტის ეპიზოდში, ვფიქრობ, ჯერ რამოსი არღვევდა ლენგლეს წინააღმდეგ წესს”.