შემდეგ ოთხშაბათს „ბარსელონა” „იუვენტუსს” ხვდება. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია, რომელშიც, წესით, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ კვლავ უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ვაგლახ, რონელდუს კორონა ვირუსი სჭირს.
დღეს კი ესპანეთში „ელ კლასიკოა”, რომელის ფარგლებშიც არგენტინელი და პორტუგალიელი არაერთხელ შებრძოლებიან ერთმანეთს და მათ დუელს მთელი მსოფლიო შეჰყურებდა.
„ელ კლასიკოს” წინ DZAN-მა მესის ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მისი და რონალდუს დაპირისპირებაზეც ილაპარაკეს.
„ჩემი და კრიშტიანუ რონალდუს დუელი ყოველთვის იყო და იქნება განსაკუთრებული, — თქვა მესიმ, — ის სამუდამოდ ემახსოვრებათ. ეს დაპირისპირება წლობით გრძელდებოდა, ხოლო ასეთი მაღალი დონის წლობით შენარჩუნება იოლი არ არის.
ჩვენ ორივეს მომთხოვნი კლუბები გვყავდა. „რეალი” და „ბარსელონა” მსოფლიოს ორი უძლიერესი კლუბია. მრავალი წლის განმავლობაში თანაბარი, დაძაბული ქიშპობა ხალხს სამუდამოდ ამახსოვრდება. ხოლო ჩემი და კრიშტიანუს დუელი პირადად ჩვენთვის იყო შესანიშნავი და ვფიქრობ, ხალხი მისი ყურებით დიდ სიამოვნებას იღებდა”.
შემდეგ, არგენტინელს „ბარსას” და „იუვეს” მოახლოებულ შეხვედრაზე ჰკითხეს.
„რად უნდა ლაპარაკი, რომ როდესაც კრიშტიანუ მადრიდში თამაშობდა, ჩვენს დაპირისპირებას სხვა ელფერი ჰქონდა. ბარსელონასა” და „რეალის” შეხვედრები, ხომ თავისთავად გამორჩეულია, მაგრამ, როდესაც მოედანზე კრიშტიანუ იყო, ის დამატებით დატვირთვას იძენდა. თუმცა, ეს ახლა უკვე წარსულია, ჩვენ კი მომავალში ვიყურებდით.
ოთხშაბათს შეიძლებოდა კვლავ შეხვედროდით ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ მაინც გადავიკვეთებით. კრიშტიანუს კოვიდისგან მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”.