კაცმა რომ თქვას, სქოთებისგან 7:48 არავის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ქართველი ქომაგი „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნებისგან ხომ ლამის მოგებას მოითხოვდა. ეტყობა ასეთია ჩვენი ბუნება და მენტალობა…

ჩვენი ნაკრების მოუმზადებლობა თამაშამდეც ცნობილი იყო: მაისის ბოლოს ლევან მაისაშვილის მიერ „შევარდენზე“ შეკრებილი შემადგენლობა ხომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოასპარეზეებს, უკლუბოდ დარჩენილებსა და საფრანგეთში პანდემიის გამო ვერწასულ მორაგბეებს აერთიანებდა. მთავარი, დამრტყმელი ძალა კი შორს, საფრანგეთში იმყოფებოდა. სანაკრებო ბაზაზე გეგმაზომიერი მზადება კი მიმდინარეობდა, მაგრამ როდემდე უნდა ემზადო და თავი საქმეში ვერ გამოსცადო?

No description available.ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, ევროპაში წამსვლელ ქართველებს 2 კვირა კარანტინში უნდა გაეტარებინათ, რამაც იგივე დიდი 12-ის მოთამაშეებს ძლივს დაწყებულ ჩემპიონატში პრაქტიკის მიღების შანსი მოუსპო. უპირველესად, სწორედ ამ სათამაშო პრაქტიკის დეფიციტმა იჩინა თავი.

სათამაშო პრაქტიკით განებივრებულები არც ლეგიონერები იყვნენ, რადგან ბევრი მათგანი ელემენტარულად კლუბში ან კონკურენციას ვერ უძლებს ამ ეტაპზე, ან როტაციაში ყვება და თამაში ყოველ მეორე ან მესამე ტურში უწევს.

გამონაკლისიც იყო, მაგრამ რაგბი ყველაზე გუნდური თამაშია და ერთი კაცის ფუნქციონალური თუ სათამაშო მოუმზადებლობა ეგრევე თვალშისაცემი ხდება. ეს არც მწვრთნელის ბრალია და არც ბიჭების.

შოტლანდიელები კი, საპირისპიროდ, ფუნქციონალურადაც საუცხოოდ გამოიყურებოდნენ, სათამაშო პრაქტიკა კი, იცოცხლე, ყველას უხვად აქვს – 90% ხომ „გლაზგოსა“ და „ედინბურგში“ თამაშობს, ეს კლუბები კი გახურებულ პრო 14-ში რეგულარულად ასპარეზობენ.

მართალია, მარცხი მეტად მტკივნეულია, მაგრამ ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. ეპიზოდურად გამოგვდიოდა ის, რაც შეგვიძლია. აუცილებლად შესაქებია ვეტერანი გარემარბი სანდრო თოდუა, რომელმაც ორი გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა, კარგები იყვნენ მიშა ნარიაშვილი, ვასილ ლობჟანიძე და ნოდარ ჭეიშვილი, მაგრამ მათაც კი მეტი შეუძლიათ და დანარჩენებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

გუნდს ეტყობა პოტენციალი, მაგრამ „მარიფილდზე“ პარასკევს ისე ითამაშა, როგორც 2000-იანების დასაწყისში, როცა მხოლოდ ეცნობოდა ელიტას და ამ სიბრტყეზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. ამდენი შეცდომა ხომ მხოლოდ ახალბედებს მოსდით და პარასკევს საქართველოს ნაკრებმა ახალბედასავით ითამაშა.

Scotland v Georgia: Townsend's men start Autumn series in styleამდენად, შოტლანდიელთა რეალური სიძლიერის შეფასებაც რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების წინააღმდეგ თითქმის სრულყოფილად ითამაშა.

„ნარშავების“ თავკაცმა გრეგორ თაუნსენდმა ნამატჩევს ბრძანა, რომ კმაყოფილი ანგარიშითაცაა და თამაშის ხარისხითაც, მაგრამ კი დაამატა, დასახვეწი ელემენტები ბლომად შევნიშნე და სამუშაოც ბევრი გვაქვსო.

მაისაშვილმა კი, განმარტა მოლის ვერგაჩერების მიზეზები, აქაოდა, გუნდმა სრული შემადგენლობით მხოლოდ ორჯერ (!) ივარჯიშა და მოლის დაცვაზე სამუშაოდ უბრალოდ დრო არ გვეყოო. თუმც კი, ქართველთა დამრიგებელმა პირობა დადო, მომდევნო მატჩებში გაცილებით უკეთ ვითამაშებთო. უახლოესი შეხვედრა კი, მოგეხსენებათ, 14 ნოემბერს ლონდონის დიდებულ „თვიქნემზე“ ინგლისის ნაკრებთან გველის…