„რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო ფიქრობს, რომ თუნდაც შაბათს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში”, მადრიდელებმა „ბარსელონასთან” წააგონ, ზინედინ ზიდანს თანამდებობიდან მაინც არ მოხსნიან.
„ლოს ბლანკოსს” ცუდი პერიოდი უდგას. წინა უქმეებზე, ლა ლიგაში, ესპანეთის ჩემპიონმა შინ, „კადისთან” წააგო 0:1, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტარისგან” იგემა 2:3. „თეთრები” დონეცკის გუნდსაც შინ შეხვდნენ. ამის მიუხედავად, კამაჩო ამბობს:
„არა მგონია, წაგების შემთხვევაში ზიდანი გაუშვან. მას პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უჭერს მხარს და მეც ვფიქრობ, რომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში უკან არასდროს იხედებიან და ხშირად დაუნდობელ გადაწყვეტილებებს იღებენ”.
გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა „ელ კლასიკოში” მადრიდელთა კაპიტანი სერხიო რამოსი.
კამაჩო: „რამოსი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის რეკორდს რეკორდზე ამხობს და „რეალის” გასახდელშიცა და მის გარეთაც დიდი წონა აქვს. ეს მისი სპორტული და პიროვნული თვისებებით არის განპირობებული.
ვერ გეტყვით, რა აკლია სადღეისოდ „რეალს”. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი ის არის, რომ დღეს უძლიერესი კლუბი „ბაიერნია”. მიუნხენელებმა გასული სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს და ახლაც სხვებზე ძლიერის შთაბეჭდილებას ტოვებენ”.