დავით ხოჭოლავა ვინისიუსის წინააღმდეგ

„რეალი” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ლიდერობს „შახტარი”. დავით ხოჭოლავას უკრაინულმა გუნდმა მადრიდში „ლოს ბლანკოსს” 3:2 მოუგო, თან პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებდა.

კატალონიური პრესა ამ ამბავს მწარე ენით ეხმაურება და წერს, რომ მადრიდელებმა იმ ადგილიდან გააგრძელეს, სადაც ბოლოს გაჩერდნენ: „რეალმა” გასულ უქმეებზე, შინ, იმავე სტადიონზე „კადისთან”0:1 წააგო, ახლა კი დონეცკელებისგან იგემა მარცხი.

„სპორტი” წერს: „მადრიდელები მათთვის შეურაცხმყოფელ პირველ ტაიმში 0:3 დამარცხდნენ და ეს სირცხვილი შედარებით გამოკეთებულმა მეორე ტაიმმაც ვერ დამალა. ლუის კასტროს გუნდმა „ალფრედო დი სტეფანოზე” მადრიდელები კალაპოტიდან ამოაგდო, ამ ყველაფრის სათავეში კი ტეტე იდგა. თავდამსხმელმა პირველი გოლი თავად შეაგდო, მეორე ვარანს საკუთარ კარში შეაგდებინა, მესამე გოლის დროს კი ქუსლური პასით სოლომონს გაუწია ასისტენტობა.

„რეალი” უმწეო იყო. შესვენებისას, ზიდანმა ფეხბურთელებს რაღაც უთხრა და მეორე ტაიმში მათ უკეთ ითამაშეს. ლუკა მოდრიჩმა ბრწყინვალე გოლი შეაგდო, ხოლო ვინისიუს ჟუნიორმა ახლო მანძილიდან შეამცირა სხვაობა. შემდეგ კი, როდესაც ფედე ვალვერდეს დარტყმუული კარში შევარდა, მათ ეგონათ, რომ ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა — ვინისიუსი დონეცკელთა მეკარეს მხედველობის არეს უფარავდა.

ამრიგად, მადრიდელებმა, ჩემპიონთა ლიგაში, სერხიო რამოსის გარეშე ჩატარებული ბოლო შვიდი თამაშიდან ექვსი წააგეს. ხელ-ფეხ ჩამოყრილი რამოსი ტრიბუნიდან უყურებდა, თუ რა ხდებოდა მოედანზე.

ზიდანს ბევრი სამუშაო აქვს. როგორც ჩანს „ლოს ბლანკოსის” საქმე კარგად არ არის”.

ხოლო სათაურად „სპორტის” ამ მიმოხილვას ჰქვია: „VAR ევროპაში არ ემორჩილებათ”.

გასაგებია, რაც იგულისხმება. აქ მინიშნებაა იმაზე, რომ ფედე ვალვერდეს გოლს ლა ლიგაში ჩათვლიდნენ.

შეგახსენებთ, რომ „რეალის” შემდეგი მატჩი „ელ კლასიკოა”, რომელიც შაბათს, 24 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე”, „ბარსელონას” წინააღმდეგ გაიმართება.