„ბარსელონას” მწვრთნელი რონალდ კუმანი ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან” 5:1 გამარჯვებით ბუნებრივია კმაყოფილი იყო.

„როდესაც თამაშს მოიგებ, სამ ქულას მოიპოვებ და ხუთ გოლს გაიტან, რასაკვირველია კმაყოფილი დარჩები”, — თქვა კატალონიური გუნდის ჰოლანდიელმა თავკაცმა, თუმცა, შემდეგ, ოდნავ უფრო ღრმად შეეხო მატჩის დეტალებს.

კუმანი: „ვფიქრობ, შესვენების შემდეგ 25 წუთის განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მატჩის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც ვითიშებოდით და სწორედ ეს არ მომწონს. ეს უნდა გამოვასწოროთ. ეს მომავალში არ უნდა განმეორდეს. თუ ჩვენ შევძლებთ მთელი შეხვედრა იმ 25 წუთის მსგავსი ინტენსიობით და ბურთის გათამაშების მაღალი რიტმით ჩავატაროთ, მაშინ ნამდვილად კარგი გუნდი ვიქნებით”.

შემდეგ, კუმანმა მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ თავის გამოჩენის შანსი მისცა პედრისა და ტრინკაოს. ის აგრეთვე კმაყოფილი დარჩა ოსმან დემბელეს თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ დემბელე მოედანზე მხოლოდ 27 წუთით შევიდა.

„ისინი არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ მათთვის გამოყოფილი წუთები ისე ითამაშონ, როგორც მოეთხოვებათ. პედრიმ და ოსმანმა გოლებიც გაიტანეს. მე როგორც მწვრთნელი მათი წარმატებით კმაყოფილი ვარ. ისინი სწორედ იმ რიტმითა და ინტენსიობით თამაშობდნენ, რომელიც მთელი გუნდისთვის იყო საჭირო”.

მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი კი ჟერარდ პიკეს გაძევება იყო. კუმანმა თქვა:

„ჩემი აზრით მსაჯმა არაადექვატური სიმკაცრე გამოავლინა. გაძევება ზედმეტი იყო, მაგრამ სხვა გზა არ არის, არბიტრის გადაწყვეტილებას უნდა შევეგუოთ და მომავალში შესაბამისად მოვიქცეთ”.

პიკეს გაძევების გამო, შემდეგ შეხვედრაში, „იუვენტუსის” წინააღმდეგ რონალდ არაუხო ითამაშებს.

„მე არაუხოს სრულიად ვენდობი, რადგან ის მაღალი დონის ფეხბურთელია. მას ყოველთვის შეუძლია პიკე ან  კლემენტ ლენგლე შეცვალოს. ამ თვალსაზრისით მშვიდად ვარ.

დაჩვეულები ვართ, ფეხბურთელს საეჭვო ვითარებაში რომ გვიგდებენ, ჩვენ კი დასუსტების ნაცვლად პირიქით, ვძლიერდებით და გოლები გაგვაქვს”, — თქვა ჰოლანდიელმა.

„ბარსელონას” შემდეგი შეხვედრა კი „ელ კლასიკოა”, რომელიც შაბათს „კამპ ნოუზე” გაიმართება.

კუმანი: „გუნდს, რომელიც კაცნაკლული 5:1-ს იგებს, საკუთარი თავის რწმენა ემატება. გუნდური თამაშით ამაზე მეტად კმაყოფილი ვერ ვიქნები”.