ხვალ, ოთხშაბათს, „ბარსელონას” ფეხბურთელები მოლაპარაკებებს არ დაესწრებიან, არადა ნათქვამი იყო, რომ უნდა შეკრებილიყვნენ კლუბის წარმომადგენელი, მშრომელთა კომიტეტი და პირველი გუნდის წევრები. კლუბი აპირებს წამოჭრას ხელფასების შემცირების საკითხი, რადგან 2020-21 წლების სეზონში მოსალოდნელია შემოსავლის შემცირება. როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, შესამცირებელი თანხა 170 მილიონი ევროს ტოლია.
კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” შეიტყო, თუ რატომ არ დაესწრებიან მოლაპარაკებას ფეხბურთელები. უპირველეს ყოვლისა ეს განპირობებული ყოფილა კლუბის მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულებით. მოთამაშეები პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსა და გენერალურ დირექტორ ოსკარ გრაუს კლუბის წარმომადგენლებად აღარ მიიჩნევენო, წერს „სპორტი”.
ფეხბურთელებთან დაკავშირებულმა წყარომ თქვა: „ეკონომიკური სიტუაციის განსახილველად სრულიად საკმარისი იქნება ბარტომეუს შეხვედრა კაპიტნებთან. უპირველეს ყოვლისა კაპიტნებმა უნდა გაიგონ, რადმენად დელიკატურია სიტუაცია”.
აქ, მნიშვნელოვანია ერთი ფაქტის ცოდნა: ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელებმა და „ბარსელონას” სხვა თანამშრომლებმა კლუბის ოფისში გააგზავნეს წერილი, რაზეც პარასკევს მიიღეს მათი აზრით გამაღიზიანებელი პასუხი. როგორც მოთამაშეების, ასევე სხვა თანამშრომლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პასუხი იყო იმპერატიული და იურიდიულ არგუმენტებს არ ეყრდნობოდა.
ფეხბურთელები და კლუბის სხვა თანამშრომლები, რომლებიც პირველ გუნდთან არ მუშაობენ, ხელფასების შემცირებაზე ყაბულს არ არიან. კომპრომისის სახით, ისინი შეიძლება დათანხმდნენ გადახდის გადავადებას ანუ ასაღები ხელფასის ნაწილის დაგვიანებას.
საინტერესოა, რომ იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც პირველ გუნდთან არ არიან დაკავშირებული 540-ს უდრის და მათი ხელფასი „ბარსელონას” ჯამური ხელფასების მხოლოდ 3 პროცენტია, რაც რიცხვებში წლიური 35 მილიონის ტოლი გახლავთ; ეს კი მარტო მესის ან გრიზმანის წლიურ გასამრჯელოზე ნაკლებია.
როგორც ფეხბურთელებისა და სხვა თანამშრომლების მიერ მიღებულ წერილში წერია, კლუბი მათ 5-6 ნოემბრამდე აძლევს დროს და თუ ამ ხნის განმავლობაში მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივლენ, დირექტორატი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.
მოვლენათა ასეთმა გაგრძელებამ შეიძლება კლუბში დიდი კრიზისი გამოიწვიოს, რადგან სპორტსმენები შრომის კოდექსზე დაყრდნობით საპასუხო სვლას გააკეთებენ და თავიანთ კონტრაქტებს ბათილად ჩათვლიან. სხვა სსიტყვებით, მესი, გრიზმანი, პიკე და სხვები შეიძლება ნოემბერში „ბარსელონას” ფეხბურთელები აღარ იყვნენ.
ამ ეტაპზე, დავაში ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთელები არიან ჩართული, არადა, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” სპორტის სხვა პროფესიული სახეობების გუნდებიც ჰყავს.