მერსისაიდულ დერბიში „ევერტონის” მეკარესთან ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შედეგად, „ლივერპულის” ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს.

თამაში, რომელიც 2:2 დამთავრდა 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც „წითლების” სუპერვარსკვლავი ძლიერად შეასკდა მეტოქის გოლკიპერს. ის შაბათსვე წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ ვან დაიკმა მუხლის მყესები დაიზიანა. მაშინვე ითქვა, რომ მცველს ოპერაცია სჭირდება.

„ლივერპულის” განცხადებაში აგრეთვე ეწერა, რომ ვირჯილ ვან დაიკის დაბრუნებაზე ჯერ ლაპარაკიც არ არის. გულშემატკივარს ატყობინებდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ მცველს ექიმების გამოცდილი გუნდი უხელმძღვანელებს და ყველა ღონეს იხმარს, რომ ჰოლანდიელმა რაც შეიძლება მალე ითამაშოს, თუმცა ვადებზე ზუსტად ვერავინ ვერაფერს იტყვის.

მალევე გავრცელდა ცნობები, რომ 29 წლის ვან დაიკს სრულ გამოჯანმრთელებამდე რვა ან ცხრა თვე დასჭირდება.

„ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შაბათს, მატჩის დასრულებისთანავე გამოთქვა შიში, რომ საქმე ცუდად იყო.

„ვირჯილმა მიჯრით იმდენი თამაში ჩაატარა, რომ უკვე სათვალავი ამერია. ის ტკივილს უძლებდა და ისე გადიოდა მოედანზე, ახლა კი საოპერაციოა და ეს ძალიან ცუდია” — თქვა კლოპმა.

ვან დაიკის ტრავმის გარდა კლოპს ისიც აწიხებდა, რომ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

კლოპი: „პენალტი იყო, მე კარგად დავინახე. იმასაც შევხედე, როგორ აღმართა თანამსაჯმა ალამი. მეგონა პენალტს დანიშნავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. იმის თქმა არ მინდა, რომ პიკფორდმა ვან დაიკი განზრახ დააშავა, მაგრამ მისი საქციელი ნამდვილად არ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მეკარე საჯარიმო მოედანში”.

ექოსკოპია დასჭირდა „ლივერპულის” ახალწვეულ ტიაგოსაც, თუმცა გამოკვლევის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.