რახან „ლოკომოტივი“ – „დინამო“ გადაიდო, ტურის მთავარი მატჩი „საბურთალო“ – „ბათუმი“ გამოდგა.

ე-ლიგის ვებ-გვერდზე წერია: „18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება.“

ბათუმმა უშუალო კონკურენტი თბილისში დაამარცხა

„ბათუმმა“ კი, როგორც იტყვიან, ექვსქულიანი მატჩი მოიგო, უშუალო კონკურენტი დაამარცხა. თამაში დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა. ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების წევრმა, ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. სამაგიეროდ, სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს დაშავდა ეროვნული გუნდის მეორე ფეხბურთელი, გიორგი ნავალოვსკი, 81-ე წუთზე ის ვალერიან თევდორაძემ შეცვალა. რამდენად მძიმეა გიორგის ტრავმა ჯერჯერობით უცნობია.

გორის „დილამ“ „ჩიხურა“ დაიბრიყვა – 6:1. დუბლი შეასრულა გამოჯანმრთელებულმა მიკოლა კოვტალიუკმა და 8 გოლით კვლავაც ერთპიროვნულად უდგას ბომბარდითა დავას სათავეში.

ზემოიმერულ გუნდს ძალიან უჭირს წლევანდელ სეზონში და ეს ამჯერადაც დამტკიცდა. ერთ-ერთ ლიდერს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს ერთგვარი წინააღმდეგობა, მეორეში კი… საჩხერულმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და 24 გოლი გაუშვა…

„თელავს“ თამამად შეგვიძლია „ფრეების გუნდი“  ვუწოდოთ. 13 მატჩიდან მათ 9-ჯერ ითამაშეს ყაიმი. ბოლო ხუთი შეხვედრიდან კი ოთხჯერ დაუზავდნენ მეტოქეებს და ერთი წააგეს.

„ტორპედომ“ მეორე დამატებულ წუთზე ლაშა კასრაძის მიერ გატანილი გოლით სძლია „მერანს“ და თავისიანებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. ყოფილი „ნორჩი დინამო“  კი ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება.

სამტრედია – თელავი 0:0

დილა – ჩიხურა 6:1

1:0 გაგნიძე (7), 2:0, 3:0 კოვტალიუკი (33, 59), 4:0 მადინგა (66), 4:1 კიკაბიძე (73), 5:1 ჭანტურია (79), 6:1სპანდერაშვილი (80 პენ.)

ტორპედო – მერანი 1:0

1:0 კასრაძე (90+2)

საბურთალო – ბათუმი 0:1

0:1 ჯიღაური (50)

ლოკომოტივი – დინამო 8 ნოემბერს გაიმართება

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო1494127:631
ბათუმი1485124:1029
დილა1666423:1324
საბურთალო1666423:1624
ლოკომოტივი1565422:1923
თელავი16311214:1220
სამტრედია1554612:1819
ტორპედო1444613:2016
ჩიხურა16231116:409
მერანი1606105:256

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 8, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 7, ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა) – 6, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ბექა ქავთარაძე (საბურთალო) – 5